დავით უსუფაშვილი - საგამოძიებო უწყებამ უნდა დაივიწყოს, რა გაუხარდება ოპოზიციას ან ხელისუფლებას და იმოქმედოს კანონის შესაბამისად
დავით უსუფაშვილი - საგამოძიებო უწყებამ უნდა დაივიწყოს, რა გაუხარდება ოპოზიციას ან ხელისუფლებას და იმოქმედოს კანონის შესაბამისად

დავით უსუფაშვილი – საგამოძიებო უწყებამ უნდა დაივიწყოს, რა გაუხარდება ოპოზიციას ან ხელისუფლებას და იმოქმედოს კანონის შესაბამისად

საგამოძიებო უწყებამ უნდა დაივიწყოს ის, რა გაუხარდება ოპოზიციას, ან ხელისუფლებას და უნდა იმოქმედოს კანონის, სინდისის, მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად, – ამის შესახებ„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„პოლიტიზებული სამართალდამცავი სისტემა ხდება უუნარო, მოქალაქე და ქვეყანა საფრთხეებისგან დაიცვას და ხდება მსახური ისეთი თემებისა და პროცესების, როდესაც ნდობა იკარგება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, არ შეიძლება, ადამიანს ტერორისტული აქტის მომზადება ედებოდეს ბრალად და სადღაც დასაკითხად ხვალ დილამდე ელოდებოდნენ.

„ეს მაშინ, როცა მოქალაქეებს უამრავ შემთხვევაში, ხან ნარკოტიკზე და ხან უბრალო გადაცდენაზე წინასწარ პატიმრობა უფარდებენ, აკავებენ, რომ არ გაიქცეს, ან ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს და ასე შემდეგ“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ვერსიებით ხსნის იმას, რომ სამართლებრივი რეაგირება იგვიანებს, რადგან ერთ დღეზე მეტია გასული და მალხაზ მაჩალიკაშვილს ბრალიც კი არ აქვს წაყენებული, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს რაღაც ტიპის პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით მოქმედებაა და არა დანაშაულის აღკვეთის, პრევენციის, მხილების, გამოძიების და დამნაშავის საზოგადოებისგან იზოლირების მიზნით ქმედება.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ავი და კარგი სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ პრობლემები გვარდება, „ჩვენ კი პრობლემების პერმანენტული მოკვარახჩინებების პროცესში ვართ.”

„შესაბამისი სტრუქტურები საქმის მოკვარახჩინებებით კი არ უნდა იყვნენ დაკავებული, არამედ ყოველ კონკრეტულ საქმეზე უნდა დასრულდეს გამოძიება და დადგეს განაჩენი, ან გამართლდეს ადამიანი, იმისგან დამოუკიდებლად, გუშინწინ სხვაგან რა ჩაიდინა, ხვალ რა შეიძლება ჩაიდინოს, ან რა აზრები უტრიალებს თავში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.