დავით უსუფაშვილი - საარჩევნო კამპანიას საკუთარი მითითებით ვგეგმავთ, როგორც მმართველ პარტიას, ისე გვყავს ოპოზიციურ პარტიებს საერთაშორისო კონსულტანტები
დავით უსუფაშვილი - საარჩევნო კამპანიას საკუთარი მითითებით ვგეგმავთ, როგორც მმართველ პარტიას, ისე გვყავს ოპოზიციურ პარტიებს საერთაშორისო კონსულტანტები

საარჩევნო კამპანიას საკუთარი მითითებით ვგეგმავთ. როგორც მმართველ პარტიას ჰყავს, ისე გვყავს ოპოზიციურ პარტიებს საერთაშორისო კონსულტანტები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილს ამერიკელ პიარკონსულტანტთან, ჯერემი როზნერთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„რაც ვიცი, 15 წელია, როზნერს საქართველოში არავისთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. საარჩევნო კამპანიას საკუთარი მითითებით ვგეგმავთ. როგორც მმართველ პარტიას ჰყავს, ისე გვყავს ოპოზიციურ პარტიებს საერთაშორისო კონსულტანტები. წინა არჩევნებშიც გვყავდა კონსულტანტები, ახლაც გვყავს. ამერიკული კომპანიაა და ალბათ მალე ევროპულიც გვეყოლება. იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები და თავიანთი საქმის მცოდნეები არიან. ამას რომელიმე სხვა პარტიასთან და არც „ლელოს“ სტრატეგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „ლელო“ თავის სტრატეგიას განსაზღვრავს და კონსულტანტებს იყენებს, როგორც არის სხვა პარტიის შემთხვევაში. როზნერს 2010-2011 წლების შემდეგ სხვა პარტიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ის არის ისეთივე პროფესიონალი, როგორც თქვენ ხართ. დღეს შეიძლება სხვა მიკროფონი გიჭირავთ ხელში, ხვალ კი შეცვალოთ. „ლელოს“ პიარსტრატეგია არავისას დამთხვევია, ჩვენი ამბიციით და გეგმით წავალთ არჩევნებზე. ეს არის სერიოზული კომპანია, სადაც როზნერიც მუშაობს, რომელსაც ცოდნა, გამოცდილება აქვს აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესახებ. ერთმა ადვოკატმა, რომელიც 2002 წელს იცავდა ვინმეს, შესაძლოა, შემდეგ, თავისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვა დაიცვას. ეს არ ნიშნავს, რომ ის კავშირია, რომელსაც ახლა ეძებთ“, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, თანამდებობების პირთა ქონებრივი დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ. ასევე ინფორმაცია გავრცელდა ჯერემი როზნერის „ლელოსთან“ თანამშრომლობის შესახებაც, რაც „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ დაადასტურა.