დავით უსუფაშვილი - რუსეთი საქართველოს უპირებდა და უპირებს კისერის მოგრეხვას, ათწლეულებია, დასავლეთს გამოწვდილი აქვს დახმარების ხელი და კარასინის რიტორიკა ამას ვერ შეცვლის
დავით უსუფაშვილი - რუსეთი საქართველოს უპირებდა და უპირებს კისერის მოგრეხვას, ათწლეულებია, დასავლეთს გამოწვდილი აქვს დახმარების ხელი და კარასინის რიტორიკა ამას ვერ შეცვლის

რუსეთი საქართველოს უპირებდა და უპირებს კისერის მოგრეხვას, დასავლეთს გამოწვდილი აქვს დახმარების ხელი, ასეა ეს უკვე ათწლეულებია და კარასინის ვერანაირი რიტორიკა ამას ვერ შეცვლის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის იმ განცხადებას, სადაც კარასინი აღნიშნავს: „როგორც მოსალოდნელი იყო, ახლა დასავლეთი იწყებს საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვას რუსეთთან ზედმეტად მშვიდი ურთიერთობების გამო“.

„ჩვენ კონსტიტუციაშიც გვიწერია, რომ სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, ყველაფერი გააკეთონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. აქ უნდა გვქონდეს კითხვა, სახელმწიფო ორგანოები რატომ არ აკეთებენ ყველაფერს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და რატომ აღვივებენ საზოგადოებაში იმ ტიპის განწყობებს, თითქოს დასავლეთს უნდა, საქართველო ბოროტად გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის, იაფად გადაახურდავოს რაღაც დიდ ამბებში. რატომ ემთხვევა ეს „ხაზები“ კარასინისა და თავისი ძმების და დების „ხაზებს“ დასავლეთთან მიმართებით? ჩვენ ეს კითხვები გვაღელვებს, ზოგს ამაზე უკვე აქვს ჩამოყალიბებული პასუხი, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ ხაზს ადგას. მე მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის პრორუსი, აქ არის ინტერესთა თანხვედრა. როგორც პუტინი შეაწუხა დასავლეთის კრიტიკამ დემოკრატიული სტანდარტების დაწევაში, „ქართული ოცნება“ ასევე შეაწუხა დასავლეთის კრიტიკამ. დასავლეთი ამბობს, კონსტიტუციაში ჩაწერეთ, რომ ჩვენთან გინდათ. ინტერესთა თანხვედრაა იმიტომ, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში, სადაც არის მესიანისტური განწყობები, რომ ვიღაცამ უნდა იხსნას ქვეყანა და ვიღაცაზეა ჩამოკიდებული ქვეყნის ბედი, როგორც რუსი „პატრიოტი“ გეტყვით დღეს, რომ პუტინი უდრის რუსეთს და პირიქით, რუსეთი – პუტინს, ნელ-ნელა იგივე ჩამოყალიბდა საქართველოშიც“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.