დავით უსუფაშვილი - ჩვენ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, ექსპრეზიდენტები თუ ექსპრემიერები კერძო ცხოვრებაში იკეტებოდნენ
ვისურვებდი, რომ ქვეყნისათვის ძნელბედობის ჟამს რაც შეიძლება მეტი გამოცდილი ადამიანი იყოს სახელმწიფოს სამსახურში აქტიურად ჩაბმული, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა არასაარჩევნო-არაპოლიტიკური გზით გააგრძელოს სამსახური, რაც შესაძლებელია.
„მივიჩნევ, რომ ჩვენს ქვეყანას არა აქვს იმ ფუფუნების საშუალება, რომ ექსპრეზიდენტები თუ ექსპრემიერები კერძო ცხოვრებაში იკეტებოდნენ (ან კიდევ უარესი). ქვეყანას სჭირდება მოქალაქეობრივად აქტიური, ავტორიტეტული ადამიანები სკამებისა და თანამდებობების გარეშე. სკამისა და თანამდებობის ავტორიტეტი შარშანდელ თოვლზე უფრო სწრაფად წარმავალია, ჩვენ კი მარადიულ ღირებულებაზე – ქართულ სახელმწიფოზე და სახელმწიფოებრივ ტრადიციებზე ვსაუბრობთ”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.