დავით უსუფაშვილი - ქვეყანას სჭირდება კარგი პრემიერ-მინისტრები და არა ისეთები, რომლებიც ერთწლიანი გაუგებარი საქმიანობის შემდეგ ზღაპრებს გვიყვებიან
ვწუხვარ, რომ ახალგაზრდა და პერსპექტიული ადამიანი, ასეთ მძიმე ვითარებაში ჩავაყენეთ ყველამ, დავაკისრეთ ის ტვირთი, რომლის აწევა მან ვერ შეძლო, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მამუკა ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება კარგი პრემიერ-მინისტრები და არა ისეთები, რომლებიც ერთწლიანი გაუგებარი საქმიანობის შემდეგ „ზღაპრებს გვიყვებიან“.
„ბატონმა ბახტაძემ გვითხრა, რომ ერთ წელიწადში შევქმენი ქვეყნის მრავალწლიანი განვითარების სტრატეგია და ჩარჩო, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება და ამიტომ წავედიო, როგორც ჩანს წლების შემდეგ მივხვდებით იმას, თუ რა გააკეთა ბატონმა მამუკა ბახტაძემ.
ვწუხვარ, რომ მართლაც ახალგაზრდა და პერსპექტიული ადამიანი, რომელსაც ბევრი სხვა მიმართულებით შეეძლო ალბათ, ყოფილიყო წარმატებული, ასეთ მძიმე ვითარებაში ჩავაყენეთ ყველამ, ივანიშვილმა, მთელმა ქვეყანამ და საქართველომ და დავაკისრეთ ის ტვირთი, რომლის აწევა მან ვერ შეძლო. მე ვწუხვარ რადგან ქვეყანას სჭირდება კარგი პრემიერ-მინისტრები და არა ისეთები, რომლებიც ერთწლიანი გაუგებარი საქმიანობის შემდეგ ზღაპრებს გვიყვებიან, რომ ქვეყნის მრავალწლიანი განვითარების სტრატეგია შექმნა და ვალმოხდილი მიდის თანამდებობიდან. სხვათა შორის, ასეთი განცხადებით წასული ვინმე ამ ქვეყანაში მე არ მახსენდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას კანდიდატურა პრემიერის პოსტზე 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატურაა ბიძნა ივანშვილის ხელში, რათა მოხდეს საზოგადოების შემდგომი პოლარიზება.
„მე მგონი, ბიძინა ივანიშვილი ულტიმატუმს უყენებს საპარლამენტო უმრავლესობას და ასეთი არჩევანის წინაშე აყენებს – დაუჭერთ მხარს გახარიას, ე.ი. ბოლომდე მიეჯაჭვებით ჩემს ნავს, არ დაუჭერთ მხარს გახარიას, მაშინ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ვადამდე დაკარგავთ თქვენს თანამდებობებს. აქეთ მიჰყავს საქმე უმრავლესობასთან ურთიერთობაში. რაც შეეხება საზოგადოებას, აქაც მისი გზავნილი ნათელია, რომ დიახ, მან გადაწყვიტა უკიდურესად პოლარიზებულ, დაპირისპირებებით სავსე პოლიტიკურ პროცესებს შეუწყოს ხელი, მოახდინოს იმ ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მკვეთრად ჩამოყალიბება და სააკაშვილის აჩრდილს შეებრძოლოს მომავალ არჩევნებში. გახარიას კანდიდატურა 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატურაა მის ხელში სწორედ ამის მისაღწევად, რომ მოხდეს საზოგადოების შემდგომი პოლარიზება და პოლიტიკური ტემპერატურის მაქსიმუმამდე ატანა. ახლა ოპოზიციის ჭკუა-გონებაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი, აჰყვება ივანიშვილს ამ თამაშში და ერთი წელი „გახარია-გახარიას” თემას გადავაყოლებთ ყველაფერს, თუ გვეყოფა ჭკუა და მივხვდებით, რომ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და არ ვიყოთ ივანიშვილის ხელში ინსტრუმენტები, მათ შორის, ასეთი არაპირდაპირი გზებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.