დავით უსუფაშვილი - ქვეყანას ახალი, ისეთი პოლიტიკური ძალა სჭირდება, რომლის მშენებლობას „შენების მოძრაობამ“ ჩაუყარა საფუძველი
მე სახელმწიფოსთვის ვიბრძვი და არა ხელისუფლებისთვის, ამ არჩევნებში კი ერთმანეთს მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება ეჯიბრება, რომლებმაც ხელისუფლებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამართეს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი მოქმედება, პრინციპები, ბიოგრაფია და ყოველი დღე სახელმწიფოს მშენებლობას, მის გაძლიერებას ეძღვნებოდა და არა იმას, რასაც ვხედავთ. მეორე, ჩემი კამპანია მიმართულია პოზიტივზე, ქვეყნის გაერთიანებაზე და იმაზე, რომ საქართველო ესაა და ასეთია, აქ ნაციონალებიც ცხოვრობენ, ოცნებელებიც, პრორუსებიც, პროამერიკელებიც და იმ ადამიანმა, რომელსაც 28 ოქტომბერს ავირჩევთ, ამ საქართველოს პრეზიდენტობა უნდა ითავოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ამ განცხადებით დავით უსუფაშვილმა „მოამბის“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის მთავარი უპირატესობა, რაც მას მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში გამოარჩევს და, რის გამოც, საარჩევნო ყუთთან მისულმა ამომრჩეველმა არჩევანი მის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყანას ახალი, ისეთი პოლიტიკური ძალა სჭირდება, რომლის მშენებლობას „შენების მოძრაობამ“ ჩაუყარა საფუძველი.
„ჩვენი პარტნიორები არიან „ეროვნული ფორუმი“ და „თავისუფალი დემოკრატები“, მოქალაქეები, რომლებიც პოლიტიკაში საერთოდ არ ერთვებოდნენ, მაგრამ ახლა ჩაერთნენ და ძალიან ბევრი პროფესიონალი მოხელე, რომლებიც ამ პროცესს უერთდებიან. ჩვენ საზოგადოებას გამოსავალს ვთავაზობთ და არა მორიგ ჩიხში შესვლას, ოცნებურ სტაგნაციას, ან ნაციონალურ რევანშს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.