დავით უსუფაშვილი - „ქართულ ოცნებას" რაც შეეძლო, გააკეთა და ახლა ხელისუფლება უნდა გადაბარდეს სხვას, ან მათივე მონაწილეობით კოალიციურ მთავრობას
დავით უსუფაშვილი - „ქართულ ოცნებას" რაც შეეძლო, გააკეთა და ახლა ხელისუფლება უნდა გადაბარდეს სხვას, ან მათივე მონაწილეობით კოალიციურ მთავრობას

უცნაურად შექმნილ დროებით-მუდმივ, თუ მუდმივ-დროებით მთავრობას მაინც წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ქვეყანას სჭირდება პატრონი, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი არასწორი მართვითაა გამოწვეული, რაც საზოგადოების საჯარო ინსტიტუტებისადმი უნდობლობით გამოიხატება.

„მინდა, ამ უცნაურად შექმნილ დროებით-მუდმივ თუ მუდმივ-დროებით მთავრობას მაინც წარმატებები ვუსურვო, რადგან ქვეყანას სჭირდება პატრონი. ისიც ძალიან არასწორი იყო, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა პრაქტიკულად მიატოვეს სამსახურები და ოთხი დღით ქვეყანა უმთავრობოდ იყო. კონსტიტუცია ასეთ ვითარებაში ამბობს, რომ მიმავალი პრემიერი და მთავრობა აგრძელებს თავის ფუნქციის შესრულებას, ვიდრე ახალი არ იქნება ფორმირებული. ესეც კრიზისის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, თუ რა დონეზეა ასული პერსონალურ-ემოციური დაძაბულობები, რაღაც შეუთავსებლობები და როგორ ვერ ახერხებენ უმაღლესი თანამდებობის პირები, რომ სახელმწიფოს სამსახურში იყვნენ. გამოსავალი არის მარტივი, რადგან ჩვენ ზოგადსაკაცობრიო გამოცდილებები უნდა გავითვალისწინოთ. ეს გამოცდილებები გვკარნახობს იმას, რომ ვერც ერთი მონოპოლისტი პარტია დიდხანს ვერ ინარჩუნებს ხელისუფლებას, ის ნელ-ნელა დუნდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მთავარ სახელმწიფოებრივ ამოცანად ისახება, 2020 წლამდე ქვეყნის მშვიდობით მიყვანა.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მას ამ ეტაპზე რაც შეეძლო გააკეთა და ახლა ხელისუფლება უნდა გადაბარდეს ვინემ სხვას ან შესაძლოა, მათივე მონაწილეობით კოალიციურ მთავრობას, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ამისთვისაა მობილიზება საჭირო”, -განაცხადა უსუფაშვილმა.