დავით უსუფაშვილი - პროპორციული სისტემა საუკეთესო კი არ არის, დღევანდელი საქართველოსთვისაა ყველაზე ადეკვატური
პროპორციული სისტემა საუკეთესო კი არ არის, დღევანდელი საქართველოსთვისაა ყველაზე ადეკვატური, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ პოსტკომუნისტური, ერთპარტიული სისტემიდან მოვდივართ; ჩვენში კომუნისტური მენტალიტეტია გაბატონებული, ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის; ჩვენ შევქმენით მრავალპარტიულობა, მაგრამ სინამდვილეში, მრავალკომუნისტურპარტიულობა გამოგვივიდა. ყველა პარტია და ყველა ლიდერი იჩემებს – მე ვარ ის, ვინც ქვეყანას გადავარჩენ და ყველა დანარჩენი მტერიაო. ყველა ეს პარტია პარტიობიდან ხდებოდა სახელმწიფოსთან შეზრდილი. ისე, როგორც კომუნისტები იყვნენ“, – განაცხადა უსუფაშივლმა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, ყველა ხელისუფალმა მოპოვებული ძალაუფლება გულში ჩაიხუტა და მერე, ის ოპონენტებთან საბრძოლველად გამოიყენა.
„რატომ?! იმიტომ, რომ ერთი პარტიის და ერთი ლიდერის ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე ამხელა ძალაუფლება. ის კომუნისტები რომ არ გამოგვადგნენ, გავიგეთ, მაგრამ მერე გამსახურდია არ გამოგვადგა, მერე შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილი, სულ სხვადასხვა ტიპის ლიდერები. ამიტომ, ადამიანებში არ არის საქმე, საქმე სისტემაშია. არსებული შერეული სისტემა თავისთავად კი არ არის ცუდი, ის იმ შედეგს იძლევა, როცა მაჟორიტარულ ოლქებში „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მანდატი მიიღო, 100% და მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა რომ გვქონოდა, მთელ პარლამენტში მხოლოდ „ოცნება“ იქნებოდა. მაშინ, როცა მას 50%-ზე ნაკლები უჭერდა მხარს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება, ყველაფერი ერთი პარტია იყოს მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სხვა რამეზე ფიქრობს და პროპორციული სისტემა სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში, არა გუშინ, არამედ ოცდახუთი წლის წინ.
მისივე თქმით, პროპორციული სისტემა იმ რეალობას მოიტანს, რომ ვერც ერთი პარტია ვერ იოცნებებს, პარლამენტში ერთადერთი ძალა იყოს, ვინც მთავრობას დააკომპლექტებს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი კონკურენტი პოლიტიკური პარტია რომ დავსხდებით და ვხმალაობთ, ამ ხმალაობაში თითოეულ ჩვენგანს თავში ასეთი ნათურა უნთია – რაც არ უნდა ბევრი ვიხმალაო და გავიმარჯვო, პარლამენტში პარტნიორები, ანუ კოალიცია დამჭირდება. ანუ, კონკურენტთან ხმალაობასთან ერთად, გრძელვადიანი შეთანხმებაც უნდა ვისწავლო. ესაა თავისუფლება, დემოკრატია და ამას მიჰყავს ქვეყანა წინ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსი ერთი რომელიმე პარტიის ტყვეობაში ვეღარ მოექცევა, რადგან კოალიციური შეთანხმებებით პარტიები ერთმანეთს გააკონტროლებენ და ერთი მეორეს უფლებას არ მისცემს, მაგალითად, სუს-ი რაღაცებში გამოიყენოს. იმიტომ, რომ ხვალ ეს პარტიები ისევ კონკურენტები იქნებიან.