დავით უსუფაშვილი - პროპორციული სისტემა აღელვებს ყველას, ვინც ერთპიროვნული მმართველობისკენ მიილტვის
პროპორციული სისტემა აღელვებს ყველას, ვინც ერთპიროვნული მმართველობისკენ მიილტვის, – განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„დღეს, პროპორციული სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში ერთპიროვნულ მმართველობას ვერც „ქართული ოცნება“ შექმნის და ვერც ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობა“. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას ამდენი უბედურება იმიტომ დააწია, რომ ცოცხალი თავით არ უნდოდა ამ ერთმმართველობის დათმობა, თორემ ეს ყველაფერი ხელის გულზე იდო. ჩვენ ამაზე ნამსჯელი გვქონდა და გადაწყვეტილიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ლობირებენ ბლოკების შექმნას გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ირგვლივ შემოკრებილი პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოიაზრებიან და არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ თუ ბლოკები დაიშვება, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ბლოკით ბევრი პატარა, თუ ერთკაციანი პარტიის გაყვანა შეეძლება, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმე ვინმეს გაყვანას შეეცდება, ეს საკუთარ ხარჯზე უნდა გააკეთოს.
„თუ ვინმეს დაიმატებს, სიაში უნდა ჩაწეროს და მანდატი სხვას უნდა მისცეს. ივანიშვილი შექმნის პატარა პარტიებსო, რომ ამბობენ, პატარა პარტიას რომ შექმნის, იმ პატარა პარტიამ ერთი მანდატიც რომ მიიღოს, ივანიშვილის 15 000 ხმა იქ უნდა წავიდეს. ანუ, აქედან უნდა მოაკლოს და იქ მიუმატოს და ეს რაში აწყობს?!“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, თუ ნულოვან ბარიერზეა საუბარი, აქ საარჩევნო ბლოკებზე საუბარი უხერხულია, ხოლო თუ ხუთპროცენტიან ბარიერზეა ლაპარაკი, მაშინ შესაძლებელია იმაზე საუბარი, რომ ორი-სამი პარტია გაერთიანდეს, მაგრამ არსებობს სხვა მოდელებიც.
„არსებობს ასეთი მოდელებიც – თუ პარტია ცალკე მონაწილეობს, მაშინ ნულოვანი ბარიერი, ხოლო თუ ბლოკში ორი-სამი პარტიაა, მაშინ სამპროცენტიანი ბარიერი. ანუ, თუ რომელიმე პარტიებს ერთმანეთი ისე ეძვირფასებათ, რომ ერთმანეთს ხელს ვერ უშვებენ, შეიძლება, მათთვის სამპროცენტიანი ბარიერი იყოს. თეორიულად, ეს შეიძლება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ბევრი საპარლამენტო პარტიის გაჩენა იმას, რომ მათთვის ბიუჯეტიდან უფრო ბევრი ფული უნდა დაიხარჯოს, რადგან საპარლამენტო პარტიის სტატუსი გარკვეულ ბენეფიტებს, მათ შორის, ფინანსურ სარგებელსაც ითვალისწინებს, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სისტემა სერიოზულად არის გადასახედი.
„დღევანდელმა სისტემამ გააკეთა ის, რომ ბლოკში შემავალ ყველა პარტიას გამოუწერა სტატუსი და ერთი ბლოკიდან ვიღაცამ შეიძლება, სულ ცხრა მანდატი მიიღოს, მაგრამ იმ ცხრა მანდატის მიმღებმა ცხრაპარტიანმა ბლოკმა ცხრა პარტიისთვის მიიღოს დაფინანსება და ასე გაიზარდოს რაოდენობა. ეს სისტემა სერიოზულად არის გადასახედი; საბიუჯეტო დაფინანსება შესანარჩუნებელია, მაგრამ გაცილებით სწორი და გამართული მექანიზმით, რომ ასეთი პარტიული მანიპულაციები ნაკლებად იყოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეკითხვაზე, ვისზე როგორ უნდა გადანაწილდეს გადაუნაწილებელი მანდატები და როგორი პრინციპით გადანაწილება იქნება ყველაზე სამართლიანი, რადგან რჩება მანდატების ნაწილი, რომელიც პირდაპირ, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე სამართლიანი იქნება, მანდატები იმაზე გადანაწილდეს, ვისაც მეტი ხმა დარჩება აუთვისებელი.
„სრულ ციფრთან ვინც ახლოს არის, ჯერ იმას მივცეთ, მერე იმაზე შემდეგს, მერე იმაზე შემდეგს და ა.შ. დღეს, ეს საკითხი დავსვი და იმედია, გაითვალისწინებენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.