დავით უსუფაშვილი - მმართველ გუნდთან თანამშრომლობას ძალიან კარგად შევძლებ, რადგან არასწორ გადაწყვეტილებებს ვებრძვი და არა ადამიანებს
დავით უსუფაშვილი - მმართველ გუნდთან თანამშრომლობას ძალიან კარგად შევძლებ, რადგან არასწორ გადაწყვეტილებებს ვებრძვი და არა ადამიანებს

მმართველ გუნდთან თანამშრომლობას ძალიან კარგად შევძლებ, რადგან მე არასწორ გადაწყვეტილებებს ვებრძვი და არა ადამიანებს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

„მე დღესაც მშვენიერი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. 2003 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდთან ერთად, მეც ვიყავი ვარდების რევოლუციის არა მხოლოდ გულშემატკივარი, არამედ საზოგადოებრივი პოზიციებიდან აქტიური მხარდამჭერი. მანამდე – სხვა ხელისუფლებებთან, სხვა ლიდერებთან და ა.შ. ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, ურთიერთობა არც ერთ ადამიანთან არ გამიწყვეტია და საქმე იქამდე არ მიმიყვანია, რომ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ მათთან ვეღარ ვითანამშრომლო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამ განცხადებით დავით უსუფაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გამარჯვების შემთხვევაში, როგორ წარმოუდგენია მას მმართველ გუნდთან თანამშრომლობა იმ პრეტენზიების ფონზე, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ უყენებს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ის იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ოპონენტად და აცხადებს, რომ მისთვის მოქალაქეობის მინიჭება დაუშვებელია, რადგან მან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ქვეყანას, რომლის სიმბოლოც წლების განმავლობაში იყო.

„მე ვამბობ, რომ მისი საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნება გამორიცხული და დაუშვებელია. თუ მე პრეზიდენტი გავხდები, ამას არ გავაკეთებ, მაგრამ ამასობაში, 2012-2013 წლებში, როცა კოალიციას დეფაქტო ხელისუფლება ჰქონდა, სააკაშვილს კი დე იურე კონსტიტუციური ძალაუფლება, მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ამ საკითხებს აგვარებდა. სააკაშვილთანაც მქონდა ურთიერთობა, საპარლამენტო უმცირესობასთანაც და იმ ხალხთანაც, რომელთა პოლიტიკური ნაბიჯები არ მომწონდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.