დავით უსუფაშვილი - მისასალმებელია დებატების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივა, რომლითაც საპრეზიდენტო კანდიდატებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა მიეცათ
დავით უსუფაშვილი - მისასალმებელია დებატების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივა, რომლითაც საპრეზიდენტო კანდიდატებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა მიეცათ

მისასალმებელია დებატების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივა, რომლითაც საპრეზიდენტო კანდიდატებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა მიეცათ, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„მე ვხედავ საკმაოდ გასაოცარ, მიუღებელ პრაქტიკას, როდესაც წამყვანი ტელევიზიების უმრავლესობა ან საერთოდ არ აპირებს დებატების გამართვას, ან ძალიან შერჩევითი მიდგომა აქვს და საკუთარი ფავორიტი კანდიდატისთვის ხელსაყრელ ფორმატში სურს დებატების გამართვა. ამ მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივა მისასალმებელია, რომ გაცილებით მეტი საშუალება მისცა კანდიდატებს. მე, ზოგადად, რაც შეიძლება მეტი დებატის მომხრე ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაინტერესებს სახელისუფლო კანდიდატთან დებატები. პირველივე დღეს, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ ფორმატის თაობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა, მივმართე ქალბატონ სალომეს, რომ ნებისმიერ დღეს მზად ვიქნები მასთან დებატებისთვის. რაც შეეხება ოპოზიციურ კანდიდატებს, აქ ალბათ სჯობს, ცოტა უფრო უკეთ იყოს შეჯერებული პოზიციები ერთმანეთთან, ვიდრე საჯაროდ ვინმეს გამოვიწვევთ. არ მაქვს არც კახასთან და არც სხვასთან დაჯდომისა და საუბრის პრობლემა, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული შეთანხმება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ პირველი არხის ეთერში დებატებში გამოიწვია სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და დავით უსუფაშვილი.

პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს: ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 8 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.

პირველი არხი საეთერო დროს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს თანაბრად უთმობს. 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს საშუალება ექნება, საპრეზიდენტო კანდიდატებს სამ სხვადასხვა ფორმატში გაეცნოს.