დავით უსუფაშვილი - გიორგი კვირიკაშვილი შეეცადა, ყოფილიყო კარგი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არ შეეცადა ყველაფერს, რომ ყოფილიყო კარგი პოლიტიკური ლიდერი
გიორგი კვირიკაშვილმა საკმაოდ მკაფიოდ თქვა, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება მისი თავისუფალი არჩევანი არ იყო, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან აზრთა სხვადასხვაობის საფუძველზე დატოვა.
როგორც დავით უსუფაშვილი აღნიშვნას, ის არ მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილი ქვეყანას კარგად მართავდა, თუმცა ამას „შენების მოძრაობის“ ლიდერი არსებულ სისტემას უკავშირებს.
„ის, რომ მისი თავისუფალი არჩევანი არ იყო გუშინდელი გადაწყვეტილება, კვირიკაშვილმა საკმაოდ მკაფიოდ ბრძანა. ის უბრალოდ დაუძლეველ ძალას გადააწყდა. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური გუნდის ლიდერი და მასთან აზრთა სხვადასხვაობა ამ დონეზე საქმიანობის გაგრძელებასთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
მგონი, სრულიად ცალსახა იყო, რომ გარემოებებმა იძულებული გახადეს, ეს ნაბიჯი გადაედგა. თავად მას ჰქონდა განცდა, რომ ჰქონდა ძალაც და ენერგიაც, გაეგრძელებინა ქვეყნის მართვა. მე არ მგონია, რომ ის კარგად მართავდა ქვეყანას, მაგრამ ამაში პირველ რიგში, სისტემაა დამნაშავე, ვიდრე კონკრეტულად ადამიანები, პიროვნებები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ყოფილი პრემიერის შესაძლო გეგმებთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილი არ იყო პარტიულ-პოლიტიკური ცხოვრების მოტრფიალე ადამიანი.
„მას თავის ასპარეზად მიაჩნდა სხვა საკითხები, მათ შორის, როგორც პრემიერი ის შეეცადა, ყოფილიყო კარგი პრემიერ-მინისტრი. გამოვიდა თუ არა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ის არ შეეცადა ყველაფერს, რომ ყოფილი კარგი პოლიტიკური ლიდერი. ამიტომ ახლა თუ გადაწყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას, ამას ვნახავთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი მმართველ გუნდს სამი რეკომენდაციით მიმართავს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობა მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა უნდა იტვირთოს, სუს-ი ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესებს და უახლოეს მომავალში, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.