დავით უსუფაშვილი - დღეს ხელისუფლებამ გვითხრა, რომ პროპორციული არჩევნების გაუქმებაში დავეხმაროთ
დღეს ხელისუფლებამ გვითხრა, პროპორციული არჩევნების საერთოდ გაუქმებაში მოგვეხმარეთო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „შენების“ მოძრაობის ხელმძღვანელმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
„ჩვენ მოლაპარაკებები დავიწყეთ იმისთვის, რომ პარლამენტში ჩავარდნილი პროპორციული სისტემის ადეკვატური რამე მოგვენახა. ამიტომ შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, ქართულად ადაპტირებული. დღეს მაგიდაზე დევს შეთავაზება, რომელზეც ხელისუფლება ამბობს, რომ არ მოსწონს. დღეს დაიდო მაგიდაზე ხელისუფლების შეთავაზება, რომელიც საერთოდ სხვა სიბრტყეშია. ისინი გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს, ამიტომ 2024 წლისთვის პროპორციულ არჩევნებს ვერ გავაუქმებთო“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლებას სერიოზული დისკომფორტი აქვს, რადგან შექმნილი კრიზისის აღიარება უწევთ.
„ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ საქმის გაფუჭებაში არ მოგეხმარებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავაკეთოთ საქმე. გაკეთება იქნება ის, რომ ჩვენ შევთანხმდებით პროპორციულ სისტემაზე ამ მოდელით ან რამე სხვა მოდელით. ჩვენც გვაქვს დრო, რომ კიდევ ვიფიქროთ და არ შევეშვათ ამ საქმეს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.