დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ახალი მთავრობა მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტში უნდა იყოს
პროგნოზი და ვარაუდი ძალიან მიჭირს, ვისურვებდი, ეს ადამიანები საჯარო სექტორშიც ისეთივე წარმატებულნი იყვნენ, როგორც კერძო სექტორში, თუმცა მსგავსი ექსპერიმენტების წარმატება მე არ მახსენდება,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე კომენტირებისას განაცხადა. დავით უსუფაშვილის თქმით, ახალი მთავრობა მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტში უნდა იყოს.
„მთავრობის ახალ სახეებს არ ვიცნობ, ამიტომ პროგნოზი და ვარაუდი ძალიან მიჭირს. ქვეყანას პირველ რიგში აკლია პოლიტიკური ლიდერშიფი. იმ ვითარებაში, როდესაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერი არათუ მოსახლეობას ესაუბრება, არამედ საკუთარი პარტიის პოლიტსაბჭოებსაც კი არ ესწრება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვყავდეს მთავრობა, რომელიც მოსახლეობასთან იქნება კონტაქტში. ამით განსხვავდება საჯარო თანამდებობა კერძო სტრუქტურაში საქმიანობისგან. გარდა ამისა, ჩვენ არ მოგვისმენია სისტემური პრობლემების დიაგნოზი, ანუ რა იყო არასწორად გაკეთებული განათლების სამინისტროში და რას და რატომ გააკეთებს ახალი მინისტრი სხვაგვარად; რა იყო არასწორად გაკეთებული ფინანსთა სამინისტროში, რაშია პრობლემა, რატომ დაგვჭირდა ახალი ხალხი. რთულია ვიყოთ ოპტიმისტები ამ ვითარებაში. აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა რეზერვი, მომდევნო არჩევნებში გვჭირდება უკეთესი, ახალი ხელისუფლება“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.