ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დავით უსუფაშვილმა და დავით ბაქრაძემ ქალთა უფლებებზე იმსჯელეს
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დავით უსუფაშვილმა და დავით ბაქრაძემ ქალთა უფლებებზე იმსჯელეს

ქალთა უფლებები და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა – ამ თემაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპრეზიდენტო კანდიდატებმა იმსჯელეს. ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში  დავით ბაქრაძემ და დავით უსუფაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

კანდიდატებმა საკუთარი საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი წარადგინეს, რომელიც ქალთა უფლებების დაცვასა და ამ კუთხით არსებული მდგომარეობის გამოსწორებას ეხება.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ აქვს მნიშვნელოვანი გეგმა, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ქალებს, მათ შორის ემიგრაციაში წასულებს.

„პრობლემების დიდი ნაწილი უკავშირდება ეკონომიკას, უმუშევრობასა და გაჭირვებას. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა, თუ როგორ დავეხმაროთ ქალებს, მათ შორის ვინც ემიგრაციაში იძულებით არის წასული. გარდა ამისა, ყველა მომსწრე ვართ, თუ რამხელა პრობლემის წინაშე დგას საქართველო და მაია ოთინაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მოიტაცა. ეს არის სიმბოლო ძალადობის უკიდურესი ფორმის. პრობლემა და სასაუბრო ძალიან ბევრია და ვწუხვარ, რომ ყველა კანდიდატმა არ ჩათვალა საჭიროდ მოსვლა და ამ თემაზე საუბარი. ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი უკეთესი საქართველოსა და საიმედო ხვალინდელი დღის ასაშენებლად, სწორედ ამიტომ ვარ მე აქ”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ქალთა უფლებები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფოში.

„ქალთა უფლებებს ეხება საქმე და როგორ შეიძლება, არ მოვსულიყავი. მიკვირს იმ კანდიდატების, რომლებმაც უარი განაცხადეს ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე. საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ჩვენს ქვეყანაში, ქალთა უფლებების არა მხოლოდ დაცვას, არამედ ზოგადად, საზოგადოებაში ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან ცვლილებებს აზროვნებაში –  21-ე საუკუნეში კიდევ უნდა ვსაუბრობდეთ თუ არა იმაზე, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია. არადა, ჩვენს ქვეყანაში ეს სასაუბროა, განსამარტია. ეს არის სახელმწიფოს, პოლიტიკოსებისა და მომავალი პრეზიდენტის, სახელმწიფოს მეთაურის საქმე, რადგან სახელმწიფო შედგება მოქალაქეებისგან და მოქალაქეების ნახევარზე მეტი ამ ქვეყანაში სწორედ ქალია“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.