დავით ტყებუჩავა - საქართველო შესაძლოა, ევროკავშირსა და კავკასიის რეგიონს შორის ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ჰაბი გახდეს
დავით ტყებუჩავა - საქართველო შესაძლოა, ევროკავშირსა და კავკასიის რეგიონს შორის ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ჰაბი გახდეს

საქართველო შესაძლოა, ევროკავშირსა და კავკასიის რეგიონს შორის ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის გამტარებელი ჰაბი გახდეს, შესაბამისმა პროექტმა უკვე ევროსაბჭოს მხარდაჭერაც მოიპოვა და დაფინანსების მოძიების ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ კომპანია „გროს ენერჯი გრუფის“ საოპერაციო დირექტორმა, დავით ტყებუჩავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების საკითხები განიხილეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საქართველოს დამოკიდებულება ელექტროენერგიის იმპორტზე  მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ტყებუჩავამ ხაზი გაუსვა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ენერგოუსაფრთხოება უფრო ფართე ცნებაა, ვიდრე ენერგოდამოუკიდებლობა, რადგან სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით უწევს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის ენერგოდამოუკიდებლობა უმთავრესი ნაწილია. ენერგოდამოუკიდებლობას რომ მივაღწიოთ, აუცილებელია სხვადასხვა სახის ენერგომწარმოებელი ობიექტები ავაშენოთ, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურები, ქარის თუ მზის ენერგიის მწარმოებელი სადგურები. ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია, იმპორტ-ექსპორტის დონე არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებთან, არამედ ევროკავშირთან გავზარდოთ და ეს უნდა იყოს სტაბილური“, – განაცხადა ტყებუჩავამ.

მისი განმარტებით, ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზართან სტაბილურად დაკავშირების პროექტი უკვე მზადაა და ის შავი ზღვის გავლით, ბულგარეთამდე ან რუმინეთამდე გადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს. პროექტი წინასწარი გაანგარიშებით 4.5 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება. პროექტს ევროპის ენერგეტიკულმა თანამეგობრობამ მხარი უკვე დაუჭირა და ამჟამად, დაფინანსების მოძიების ეტაპზეა.

„ევროკავშირთან სტაბილური ექსპორტ-იმპორტის მიღწევა შეგვიძლია ჩვენი პროექტით, რომელიც წარვადგინეთ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებში და მხარს უჭერენ. პროექტი შავი ზღვის გავლით ბულგარეთში ან შესაძლებელია, რუმინეთშიც გადამცემი ხაზის საშუალებით ელექტრონერგიის გაცვლას გულისხმობს, როგორც მიწოდებას, ისე მიღებას.  ამ ეტაპზე, პროექტი წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ეტაპზეა და ტექნიკური და ფინანსური მაჩვენებლები ზუსტდება. მიუხედავად ამისა, მინდა,  აღვნიშნო ერთი ძირითადი ფაქტორი. მოცემული პროექტით შევძლებთ, რომ ევროკავშირს 17 მილიარდი კვტ/საათი მივაწოდოთ“, – განაცხადა ტყებუჩავამ.

ტყებუჩავას შეფასებით, აღნიშნული პროექტი რეგიონული მნიშვნელობისაა და საქართველოს ფაქტობრივად ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივას უხსნის. მეორე მხრივ, მისივე თქმით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის.

„ამ ეტაპზე, საქართველოს მოთხოვნა არის 13 მილიარდი კვტ/საათი. რადგან ამდენ ენერგიას არ ვაწარმოებთ, რომ ევროკავშირს მივაწოდოთ, შეიძლება, დახმარება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს ვთხოვოთ. ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მათთვისაც ფინანსურად მომგებიანი იქნება. ეს პროექტი მომავალში დაგვიცავს იმ შემთხვევაში, თუ დივერსიას ექნა ადგილი ან უბრალოდ რომელიმე ჰიდროსადგური გაითიშა, ელექტროენერგიის მიღებას ევროკავშირიდან შევძლებთ“, – განმარტა ტყებუჩავამ.

მისი თქმით, ევროკავშირიც დაინტერესებულია კავკასიის რეგიონიდან ელექტროენერგიის მიღებით.

„აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. აქ მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე არ არის საუბარი. საუბარია ენერგოდამოუკიდებლობაზე, რომელიც შეიძლება, ქვეყანამ მიიღოს. აღნიშნული პროექტის განხორციელება მცირე, მიკრო თუ დიდი ჰესების, ასევე ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა დავით ტყებუჩავამ.

ტყებუჩავა იმედოვნებს, რომ პროექტის განხორცილებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებს საერთაშორისო ინსტიტუტები გაიღებენ.

„პროექტი უკვე წარადგინეს ევროსაბჭოში და ევროპულმა ენერგეტიკულმა თანამეგობრობამ მხარი დაუჭირა. შესაბამისად, პროექტი უკვე გადავიდა ფინანსების მოძიების ეტაპზე და ეს პროცესი  მიმდინარეობს. სახელმწიფო ძალიან გვეხმარება. მისთვის ეს პროექტი ნომერ პირველი პრიორიტეტია და აქტიურად ცდილობს, მოიძიოს ინვესტორი, ასევე თვითონაც იყოს პროექტში ჩართული. რაც შეეხება პროექტის განხორცილებისთვის საჭირო თანხებს, საერთაშორისო ინსტიტუტები შეეცდებიან დაფინანსებას, რადგან გარდა იმისა, რომ საქართველოს გაუწევენ დახმარებას, კომერციულ სარგებელსაც ნახავენ. წინასწარი გაანგარიშებით, პროექტი 4.5 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება. ასეთ პროექტს ჩვენი სახელმწიფო ალბათ ვერ დააფინანსებს, მაგრამ საერთაშორისო ინსტიტუტების საშუალებით შეძლებს პროექტის განხორციელებას. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი თავად ეძებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, რათა არსებული ატომური ენერგია ჩაანაცვლოს. შესაბამისად, საქართველოდან მიღებული ელექტროენერგია ალტერნატივა იქნება“, – განმარტა კომპანია „გროს ენერჯი გრუფის“ საოპერაციო დირექტორმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი უნიკალური იქნება კავკასიის რეგიონში.

„მეზობელი ქვეყნები შეიძლება, გარკვეულწილად ჩვენზე დამოკიდებული გახდნენ. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში ადგილობრივი კომპანიები იქნებიან ჩართული, რაც ადგილობრივ სამშენებლო თუ საინჟინრო კომპანიებს დიდ გამოცდილებას მისცემს; მესამე არის სარგებელი, რასაც უშუალოდ ადგილობრივი მოსახლე და ყველა ქართველი მიიღებს. ევროკავშირში ელექტროენერგია, შეიძლება ითქვას, სამჯერ ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოში“, – განუცხადა დავით ტყებუჩავამ „ბიზნესპარტნიორს“.