დავით თელია - ადამიანები არ უნდა მოტყუვდნენ, რომ მიიღონ რაღაც ტაბლეტები და ბალახები, რომლებსაც არავინ იცის, რა ეფექტი ექნება
დავით თელია - ადამიანები არ უნდა მოტყუვდნენ, რომ მიიღონ რაღაც ტაბლეტები და ბალახები, რომლებსაც არავინ იცის, რა ეფექტი ექნება

ადამიანები არ უნდა მოტყუვდნენ, რომ მიიღონ რაღაც ტაბლეტები, წვენები, ბალახები და ა.შ., რომლებსაც არავინ იცის, რა ეფექტი ექნება, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, თსსუ-ს პროფესორმა, დავით თელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

„ჩემი დაჟინებული თხოვნა იქნება, ჩვენმა თანამოქალაქეებმა თავი შეიკავონ და ასეთ ფეიკ ინფორმაციაზე არ გაამახვილონ ყურადღება. ეს არაფერ კარგს არ მოიტანს. იქნება ზედმეტი დანახარჯები და არარაციონალური მიდგომა“, – განაცხადა თელიამ.

როგორც იმუნოლოგ-ალერგოლოგმა აღნიშნა, უკანასკნელ დღეებში ზოგიერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ და ექიმმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, არსებობს იმუნოსტიმულატორები, ბაქტერიოლიზატები, რომლებიც ვითომდა, „კოვიდ 19“-ზე მოქმედებენ და მათ ანტივირუსული დაცვა აქვთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„სამწუხაროდ, უკანასკნელ დღეებში ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის და ჩემი კოლეგის მიერ გაჟღერდა, რომ არსებობს იმუნოსტიმულატორები, პირდაპირ ვთქვათ, ბაქტერიოლიზატები, რომლებიც ვითომდა, „კოვიდ 19“-ზე მოქმედებენ და მათ ანტივირუსული დაცვა აქვთ. ასეთ მონაცემებს ვერსად წაიკითხავთ. ასეთი კავშირი აბსოლუტურად შეუსაბამოა. არათუ ბაქტერიოლიზატი, არამედ მთელი მსოფლიო გამალებით იბრძვის, რომ რაღაც მედიკამენტი შეიქმნას, მაგრამ ჯერ, ამას ვერ ვაღწევთ. ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ სოციალური იზოლაციით მოვიგოთ დრო; ისევ და ისევ იმუნურმა სისტემამ უნდა გვიშველოს და დაძლიოს ეს უბედურება, რომელიც ჩვენ თავს არის. ამას ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ნორმალური ცხოვრების წესით და ქმედებით“, – განაცხადა დავით თელიამ.