დავით სონღულაშვილი - მზად ვართ, ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის წევრებს ვთხოვოთ, დახმარება გაგვიწიონ უგულავას საქმის ირგვლივ წამოჭრილი საკითხის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმოსაჩენად
საკითხისადმი არსებული დიდი პოლიტიკური ინტერესიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაგიდასტუროთ ჩვენი მზაობა უგულავას საქმის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის ღიაობასთან დაკავშირებით, – აღნიშნული განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სხდომაზე გააკეთა.
„ჩვენს მიზანს წარმოადგენს სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და შესაბამისად, მზად ვართ, ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის წვერებს ვთხოვოთ, გაგვიწიონ დახმარება ზემოაღნიშნული საკითხის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმოსაჩენად, რამეთუ თავიდან ავიცილოთ შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციები – ეს ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესშია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა ევროპარლამენტს ასევე, თხოვნით მიმართა, რომ თბილისში დაწყებული პოლიტიკური დიალოგი კვლავ მიეცეს მსვლელობას.
„ევროპარლამენტს გააჩნია დიალოგის ძალიან კარგი პლატფორმა, სახელად „Gean Monet“. ჩვენ აგრეთვე მზად ვართ, დახმარების ხელი ვითხოვოთ ევროპარლამენტისგან, რათა თბილისში დაწყებული პოლიტიკური დიალოგი კვლავ მიეცეს მსვლელობას. ეს ჩვენი და ჩვენი ევროპული ოჯახის საერთო ინტერესებშია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.