დავით სონღულაშვილი - ევროკომისიის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების შრომას ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისთვის
გუშინ ევროპის კომისიამ მოგვცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების შრომას და აქტიურ მუშაობას ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისთვის და თვითონ ამ პროცესის სწორად დაცვისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილება არის ერთი ეტაპის ლოგიკური დასასრული.
„ეს არის ამ ეტაპის ლოგიკური დასასრული. იმ ძალიან აქტიური და ინტენსიური მუშაობის შედეგი, რომელიც გაწეული იყო ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისთვის. ეს ნიშნავს კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, კიდევ უფრო მეტ ნდობას და ინვესტიციების შესაძლებლობას და მეტ საექსპორტო შესაძლებლობას, რაც, ერთობლიობაში, ქვეყანას უფრო სწრაფი განვითარების რეჟიმში გადაიყვანს. ევროპასთან ინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც განსაზღვრულია სხვადასხვა ეტაპებით. ჩვენი კომიტეტი აქტიურად მუშაობს ევროპის კომისიასთან და ის კანონპროექტი, რომელიც დაჩქარებული წესით იყო მიღებული ორი კვირის წინ, ემსახურებოდა რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც გაცემული იყო, რომ კიდევ უფრო მეტად დაახლოებოდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, მომხდარიყო კიდევ უფრო მეტი ჰარმონიზაცია კანონმდებლობის. ამ საკითხთან დაკავშირებითაც, სამუშაო რეჟიმში მიღებული გვქონდა რეკომენდაციები, რომლებიც უკვე დაინიცირებულია, კანონპროექტი პარლამენტშია, შესაბამისად, კანონპროექტის შესახებ განხილვები დაიწყება კომიტეტებში და პლენარულ სხდომაზე. ამ რეკომენდაციის შესრულება უკვე დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.