ჩვენ არ შეგვიძლია, მსოფლიოს ღვინის დიდ მწარმოებელ ქვეყნებს ინდუსტრიულ ღვინოებში შევეჯიბროთ, ჩვენი ნიშა არის ქვევრის ღვინო და მცირე მარნები. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმსჯელობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომ მცირე მარნების ხელშეწყობის პროგრამა, რომელმაც შარშან ძალიან კარგი შედეგები დადო, მომავალ წელსაც გაგრძელდეს, – ამის შესახებ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემაში წლევანდელი რთველი და მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. აღინიშნა, რომ მთელი რიგი რისკ-ფაქტორების გამო, მევენახეები წლევანდელ რთველზე მიღებული ყურძნის ფასით უკმაყოფილო არიან. სონღულაშვლი თვლის, რომ საქართველომ მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული რისკების შერბილება და მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება რომ შეძლოს, უმჯობესია, მცირე მარნებისა და კოოპერატივების განვითარების გზით იაროს.
„არის მეღვინეობის ტრადიციული ქვეყნების დიდი გამოცდილება, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი. საკმაოდ კარგად ვიცნობ მათ მოდელებს და ერთ-ერთი მოცემულობა, რაც უნდა მოხდეს და სახელმწიფოს ძალიან საინტერესო პროგრამები აქვს ამ მიმართულებით, ეს არის მცირე მარნების ხელშეწყობის პროგრამა. საქმე ისაა, რომ საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია სრული ეკონომიკური ჯაჭვის შეკვრა, რადგან საბოლოო ფასი ღვინოში უნდა აისახოს და მევენახეებმა საკუთარი მოსავლის მცირე მარნებში დაბინავება თითონ უნდა შეძლონ, ან კოოპერაციები უნდა შეიკრას, სადაც ერთმანეთთან კოორდინაციაში მოხდება ღვინის დაყენება. ასეთ შემთხვევაში ფასიც არაჩვეულებრივია. ასეთი მაგალითებიც გვაქვს: ყვარელში მოხდა 20 მევენახის კოოპერატივში გაერთიანება და დაახლოებით, 35 ლარად ყიდიან ერთ ბოთლ ღვინოს. ეს უფრო გაუადვილებთ მთელი წლის მოსავლის დაბინავების საკითხსაც და ადეკვატური ფასის თემასაც მოაგვარებს“, – განმარტა სონღულაშვილმა.
თუმცა გურჯაანის მაჟორიტარის აზრით, ქვეყნის მეღვინეობის დარგმა კოოპერაციის და მცირე მარნების განვითარების გზით რომ იაროს, რამდენიმე პრობლემაა გადასაჭრელი.
„რამდენიმე პრობლემაა ამ საკითხთან მიმართებით, რაც აუცილებლად გადასაწყვეტია. პირველი, რომ მსოფლიო ბაზარზე უფრო ტენდენციურია მოთხოვნა წითელ ღვინოზე, ვიდრე თეთრზე. ჩვენთან, სამწუხაროდ, თეთრი ჯიშის ყურძენი მეტია, ვიდრე წითელი. შესაბამისად, ეს არის დასაკორექტირებელი. ასეთი პრობლემა სხვათა შორის ესპანეთში რიოხას ჰქონდა, როცა სახელმწიფო ჩაერია და სუბსიდია გაუკეთა. მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად, ვაზის ჯიშების ჩანაცვლების პროგრამა განავითარეს. გარდა ამისა, ზუსტად განისაზღვრა ვენახების რაოდენობა, რა ჯიშის ყურძენი რამდენი უნდა ყოფილიყო. ეს არის ერთ-ერთი გამოცდილება, რაც ალბათ ერთი ერთზე არ უნდა გადმოვიღოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია და ადაპტირებაა საჭირო. მეორე ნაწილია ის, რომ რაც უფრო ხარისხიანია ვენახი, ის ხარისხი ასახულია ღვინოში. ამიტომ ის საუკუნოვანი მარნები, რაც ძალიან ბევრ მევენახეს აქვს ოჯახში და ფაქტობრივად გამოკეტილია, ამათ უნდა მიეცეს არა მარტო ღვინის დაწურვისა და დაყენების ფუნქცია, არამედ ღვინის გზა უნდა შეიქმნას, რაც საქარათველოში ისტორიულად ტრადიციულად არსებობდა (და დღეს არ არის), რადგან მეღვინეობის ქვეყანა ვართ. ქვეყნაში ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რომ ამ ღვინის გზაზე სხვდასხვა ტიპის საოჯახო ღვინოები დააგემოვნონ“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
მისი განმარტებით, საქართველომ ქვევრის ღვინოსა და ბუტიკური ღვინოების განვითარებაზე უნდა დადოს ფსონი. სწორედ ამას ემსახურება მცირე მარნების განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რაზეც ამ ეტაპზე მთავრობაში მსჯელობა მიმდინარეობს.
„ჩვენ არ შეგვიძლია იმხელა მოცულობებზე გასვლა, რომ ინდუსტრიულ ღვინოებში შევეჯიბროთ იმ დიდ მწარმოებლებს, რომლებიც მსოფლიოში არიან დაწყებული ჩინეთით და დამთავრებული ავსტრალიით. ჩვენი ნიშა არის ის ქვევრის ღვინო, რომელიც ქართულ ღვინოს უნიკალურობას აძლევს. შესაბამისად, ქართული ღვინო ამ მიმართულებით უნდა განვავითაროთ. აუცილებლად უნდა იყოს ქვევრის თეთრი და წითელი ღვინოები, თავისთავად ცხადია, საფერავი და სხვადასხვა უნიკალური ჯიშები, რაც გაგვაჩნია და ეს უნდა იყოს მცირე მწარმოებლების. ჯამში ეს უნდა იყოს ბუტიკური ტიპის წარმოებები, რაც ძლიერი მევენახეებით შესაძლებელი იქნება. მევენახემ თავის ვენახში მოყვანილი ყურძენი თვითონვე უნდა დაწურს, ღვინო დააყენოს, ბოთლში ჩამოასხას და მისი ღირებულება მთლიანად თვითონვე შექმნას და უკვე სხვა ღირებულებით გაყიდოს. დღეს რამდენიმე პრობლემა არსებობს ამასთან დაკავშირებით. ღვინის დიდმა მარნებმა თვითონ დაიწყეს ვენახების გაშენება და ძალიან მალე შეიძლება მცირე მევენახეებს საფიქრალი გაუჩნდეს, სად ჩააბარონ ყურძენი. ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ძალიან აქტიურად განვიხილავთ მცირე მარნების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც შარშან ერთობლივი მუშაობით გავაკეთეთ. პროგრამამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია და ძალიან კარგი შედეგები დადო. არის მსჯელობა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის საკმაოდ დიდი ბიუჯეტი იყოს გათვალისწინებული. საქმე ისაა, რომ ეს არის ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების და ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი საინტერესო გზა“, – განუცხადა დავით სონღულაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.