დავით სონღულაშვილი - ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და პერსპექტივა ევროპისთვის ფასდაუდებელია, ისევე როგორც მათი მხარდაჭერა ჩვენდამი, დიდი მოლოდინი გვაქვს დამსახურებული სტატუსის მისაღებად
დავით სონღულაშვილი - ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და პერსპექტივა ევროპისთვის ფასდაუდებელია, ისევე როგორც მათი მხარდაჭერა ჩვენდამი, დიდი მოლოდინი გვაქვს დამსახურებული სტატუსის მისაღებად

მოხარული ვარ, რომ თბილისში გამართული 48-ე სესიის შემდეგ კვლავ გიერთდებით და გხვდებით, ამჯერად როგორც უკვე ასოცირებული წევრი ქვეყანა, ამიტომაც ჩვენთვის დღევანდელი დღე ორმაგად განსაკუთრებული და ამაღელვებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.

სონღულაშვილის თქმით, დღევანდელ მსოფლიოში შექმნილი რთული საომარი პირობების დროს დემოკრატიის დაცვას კიდევ უფრო დიდი ზრუნვა სჭირდება.

როგორც სონღულაშვილმა ასამბლეაზე გამოსვლისას აღნიშნა, დემოკრატია, პირველ რიგში, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და მშვიდობის უზრუნველყოფაა.

„ასეთ დროს დემოკრატიული ქვეყნების მოქალაქის პასუხისმგებლობის ხარისხსაც კი ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება, რადგან დემოკრატია, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვაა და მშვიდობის უზრუნველყოფა ქვეყანაში. საქართველო თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზეა ახლა, ძალიან მალე ველოდებით კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს. შესანიშნავი მზაობა გვაქვს, წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა თუ სხვა საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით, ყველა შესაბამისი კრიტერიუმით ჩვენი ქვეყანა მოწინავეა, რასაც ასევე დაემატა 12 პუნქტის შესრულება. ამ მხრივაც ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გასული ექვსი თვის განმავლობაში თითოეული პუნქტი ზედმიწევნით სრულყოფილად შესრულებულიყო. შესაბამისად, მოლოდინი ძალიან დიდი გვაქვს დამსახურებული სტატუსის მისაღებად. სტატუსის, რომლის მხარდამჭერი ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, მათი არჩევანი ევროპაა“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რასაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს.

„იგივე ღირებულებები, იგივე ცხოვრების წესი, იგივე კულტურა თუ განათლებისკენ სწრაფვა. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და პერსპექტივა ევროპისთვის ნამდვილად ფასდაუდებელია, ისევე როგორც მათი მხარდაჭერა ჩვენდამი. საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და არამხოლოდ, თუმცა აქამდე მარტივად არ გვივლია. დამოუკიდებელი საქართველოს ამ 30-წლიან ისტორიაში ძალიან მოკლევადიანი პერიოდები თუ მოიძებნება სიმშვიდის, ქვეყანაში სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის, გლობალურ პროექტების. ამ პერიოდში ჩემმა ქვეყანამ რამდენიმე ომი გამოიარა რუსეთთან, დღემდე ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დღემდე ვებრძვით მცოცავ ოკუპაციას ქვეყანაში, მაგრამ არ გავჩერებულვართ და წინსვლა და გამარჯვებები არ შეგვიწყვიტავს არც ეკონომიკური, არც ინფრასტრუქტურული, არც კულტურული და სპორტული, არც საგანმანათლებლო მიმართულებით და ა.შ. მინდა, მადლობა გადავუხადო საბერძნეთის პარლამენტს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის და გისურვოთ ნაყოფიერი მუშაობა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.