დავით სონღულაშვილი - ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს გახსნა გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის არაერთი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია
დავით სონღულაშვილი - ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს გახსნა გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის არაერთი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია

გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ამ ტურისტული ობიექტის გახსნა უმნიშვნელოვანესია,- ამის შესახებ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა „ახაშენი ღვინის კურორტის“ გახსნაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასტუმრო მეღვინეობასთან, მევენახეობასთან ასოცირდება.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სწორედ, მეღვინეობის მუნიციპალიტეტია, ყველაზე მეტი ადგილწარმოშობის ღვინოები გურჯაანის მუნიციპალიტეტშია და შესაბამისად, სიმბოლურია, რომ ფაფრის მინდვრებზე, რომელიც გამორჩეულია თავისი სახასიათო ღვინოებით, პირველი ასეთი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო გაიხსნა“,- განაცხადა სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA -სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა და ის ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის 8 000-წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა, მივულოცო „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“, KTW ჯგუფს ეს დიდი წარმატება და ვუსურვო კიდევ უფრო დიდი წარმატებები იმისათვის, რომ გაზარდოს როგორც თავისი ინვესტიციები, ისე მისი წარმომადგენლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო პოპულარიზაციას გაუწევს ქართული ღვინის 8 000-წლოვან ისტორიას და ეს კიდევ ერთი ადგილი იქნება საიდანაც უცხოელი ტურისტები გაიგებენ ქართული ღვინის უძველესი ტრადიციების შესახებ,“- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

KTW ჯგუფის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია და სასტუმრო სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.