დავით სონღულაშვილი - 8 მარტის შეთანხმების შესრულება არის არა მარტო ხელისუფლების ვალდებულება, არამედ ოპოზიციისაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის
მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს ბოლომდე და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის ახლა პროცესში და განხორციელდება ივნისის თვეში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლას, ასევე აღნიშნული იყო ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებით.
„რვა მარტის შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს იყო ერთ-ერთი პროცესი დეპოლარიზაციისთვის, ესეც არის აღნიშნული ამ ანგარიშში. რაც შეეხება ამის შესრულებას, ეს არის არა მარტო ხელისუფლების ვალდებულება, არამედ ოპოზიციისაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ეს არის ცოტა უფრო მეტი, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს ბოლომდე და მხარი დაუჭირონ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის ახლა პროცესში და განხორციელდება ივნისის თვეში. მინდა, გაგახსენოთ წინა პერიოდი იანვრის თვე, ევროპარლამენტში ვიზიტის დროს, როდესაც საუბარი იყო გუგულავასა და ოქრუაშვილზე, ჩვენ მოვითხოვეთ ფაქტების შემსწავლელი მისია ჩამოსულიყო საქართველოში შეესწავლა ეს საქმეები. პანდემიის პროცესებმა შეაჩერა ეს ყველაფერი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო და აუცილებლად გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან, რადგან არსებობს მსგავსი ტიპის კითხვები, რომ ხომ არ არის რამე სხვანაირად წარმართული, რაც დემოკრატიულ პროცესებს ცდება. კიდევ ერთხელ აუცილებლად ვიქნებით ინიციატორები, რომ ეს პროცესი შედგეს რაც არის ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლა საქართველოში. როგორც კი საერთაშორისო რეისები აღდგება, მოვუწოდებთ და ვთხოვთ, შეისწავლონ თითოეული დეტალი ამ საკითხზე და თავად გასცემენ ამ კითხვებს პასუხებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.