დავით სერგეენკომ ბერძნულ მხარეს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე ერთობლივი მუშაობის დაწყება შესთავაზა
საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის შრომის, სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური სოლიდარობის მინისტრს ეფი ახციოღლუს შეხვდა.
საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალურად დასაქმების) ორგანიზება იყო. მინისტრს მან გადასცა ქართველი კოლეგის დავით სერგეენკოს წერილი, რომლითაც ბერძნულ მხარეს სთავაზობს ერთობლივი მუშაობის დაწყებას ცირკულარული შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გასაფორმებლად.
„ქალბატონმა ახციოღლუმ ინტერესით მიიღო შეთავაზება და გამოთქვა მზადყოფნა ერთობლივი მუშაობის დასაწყებად. პირველ ეტაპზე, დაინიშნებიან მეკავშირე ექსპერტები, რომლებიც დაამყარებენ პირველად კომუნიკაციას და გაცვლიან აუცილებელ ინფორმაციას. მომდევნო ეტაპზე, პროცესში ჩაერთვებიან ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები, თანამშრომლობის სამართლებრივი ინსტრუმენტის შესაქმნელად.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად ცხოვრებისა და დასაქმების პრობლემის გადაჭრა ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ამ სამუშაოებში ჩართულია საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი. ასევე, განხილულ იქნა საბერძნეთში ქართული ემიგრაციისათვის მნიშვნელოვანი სხვა არაერთი საკითხი“, – აცხადებენ საელჩოში.
მათივე ცნობით, ამ პროცესის ინიცირებით ათენში საქართველოს საელჩომ გახსნა ბერძნულ მხარესთან კომუნიკაციის ახალი არხი, რომელიც ქართული ემიგრაციის პრობლემებზე, მათ შორის, ლეგალურად დასაქმების საკითხზე იმუშავებს.