კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ - საქართველო-საბერძნეთის მატჩის ტრანსლაცია პირველი არხის ეთერში წუთში საშუალოდ 1 061 767 მაყურებელმა ნახა
კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ - საქართველო-საბერძნეთის მატჩის ტრანსლაცია პირველი არხის ეთერში წუთში საშუალოდ 1 061 767 მაყურებელმა ნახა

საქართველო-საბერძნეთის მატჩის ტრანსლაცია პირველი არხის ეთერში წუთში საშუალოდ 1 061 767 მაყურებელმა ნახა, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს.

„2024 წლის 26 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უფიქსირდება უპრეცედენტო მაღალი სატელევიზიო წილი, 24 პროცენტი და სატელევიზიო არხების რეიტინგში იკავებს პირველ ადგილს.

მატჩის ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გაიმართა. ის 20:50-ზე დაიწყო და წუთში საშუალოდ 1 061 767  მაყურებელმა ნახა. მატჩის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 66 პროცენტი მიმართული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“, – აცხადებენ „ტრი მედია ინტელიჯენსში“.

მათივე ცნობით, აღნიშნული მატჩის მაყურებელთა 72 პროცენტი თბილისის წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება მატჩის მაყურებელთა ასაკობრივ განაწილებას, ყველაზე მეტი, მაყურებელთა 17 პროცენტი მატჩს 18-დან 44 წლამდე ქალების კატეგორიაში ჰყავდა.

„ტრი მედია ინტელიჯენსში“ ასევე აღნიშნავენ, რომ მატჩის ტრანსლაციის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის რეიტინგი გაიზარდა და სრულ სატელევიზიო ყურებაში პირველი ადგილი დაიკავა.

„მონაცემები წარმოადგენს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მიერ საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის ყურების ქცევის გაზომვის ოფიციალურ შედეგებს. მონაცემები აღებულია ოთხ წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრების გათვალისწინებით“, – აცხადებენ კომპანიაში.