დავით სერგეენკო - ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ადამიანები, რომელთაც არჩევნებში მოსახლეობის ხმა მიიღეს, პარლამენტში შემოვიდნენ
ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ადამიანები, რომელთაც არჩევნებში მოსახლეობის ხმა მიიღეს, პარლამენტში შემოვიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„უმრავლესობაში შინაარსობრივად ერთიანი პოზიცია არის, რომ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ადამიანებმა, რომელთაც არჩევნებში მოსახლეობის ხმა მიიღეს, პარლამენტში შემოვიდნენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება მომხრე და ვინ წინააღმდეგი, ამას მსჯელობა აჩვენებს.
იმის მოლოდინი ნამდვილად არ არის, რომ ამ ტექნიკურ საკითხშიც ყველა ერთიანი იქნება. მსჯელობა გაგრძელდება და ალბათ, რაღაცაზე შევჯერდებით. მთავარი აზრია, რომ ყველას მაქსიმალური შანსი მიეცეს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება. თუმცა, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდება – ჩატარდეს თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ, თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრაზე გუნდური პოზიციით წარდგება.