დავით სერგეენკო - ვაქცინის ეტაპამდე ორი გზა გვაქვს, მობილობის შემცირება და ნიღბების ტარების რაოდენობის გაზრდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 3 იანვრიდან 15 იანვრამდე სრული ლოკდაუნის გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია მისთვის უცნობია.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სრული ლოკდაუნის გამოცხადება, სერგეენკო პასუხობს, რომ რამდენადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისგან იცის, სრული ლოკდაუნის გამოცხადებას ისინიც არ ემხრობიან.
„შეზღუდვების დაწესების შემდეგ მოსალოდნელი იყო შემთხვევების შემცირება. რამდენიმე დღიანი შემსუბუქება იყო კომპრომისი სადღესასწაულო დღეებში. ისევ გაგრძელდება შეზღუდვები, როგორც წინასწარ იყო გაცხადებული – არც უფრო მკაცრად და არც უფრო მსუბუქად. ვაქცინის ეტაპამდე ორი გზა გვაქვს – მობილობის შემცირება და ნიღბების ტარების რაოდენობის გაზრდა. ეს მაჩვენებელი 70 პროცენტი გახდა, მაგრამ 95 პროცენტი გვინდა. ყველას მინდა ვთხოვო, ნიღბები გამოვიყენოთ, შიდა თუ გარე სივრცეში“, – განაცხადა სერგეენკომ.