დავით სერგეენკო - სოციალური პოლიტიკისა და სოციალური მუშაკების საქმიანობის მიმართულებით, სისტემური რეფორმები განხორციელდება
საქართველოში სოციალური პოლიტიკისა და სოციალური მუშაკების საქმიანობის მიმართულებით, სისტემური ცვლილებები განხორციელდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე შემუშავებულია სპეციალური სამოქმედო გეგმაც.
ამასთან, როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლება, სისტემურ პრობლემას არ უკავშირდება და აღნიშნული ზომა კონკრეტული შემთხვევის გამო იყო მიღებული.
„როგორც სოციალურ პოლიტიკაში, ასევე სოციალურ სამუშაოში, რომელსაც სოციალური მუშაკები ახორციელებენ, სისტემური ცვლილებები დიდი ხნის წინ არის დაგეგმილი. გასული წლის ბოლოს შემუშავდა სპეციალური სამოქმედო გეგმა, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, გათავისუფლება, რომელიც განხორციელდა, სისტემურ პრობლემებთან კავშირში არ არის. ეს უკავშირდება კონკრეტულ შემთხვევას. თუმცა, სისტემური რეფორმები განხორციელდება, რaც მეტი შედეგისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ნაძალადევის რაიონში ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან დაითხოვეს, ასევე მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა საკუთარი გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა.
თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, დედა 22 იანვარს დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.