დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის შემდეგ ჯანდაცვის სერვისების მოხმარება გაიზარდა
დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის შემდეგ ჯანდაცვის სერვისების მოხმარება გაიზარდა

2013 წელს, როდესაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადავიდა საყოველთაო ჯანდაცვაზე, ჯანდაცვის სერვისების მოხმარება გაიზარდა, პრაქტიკულად გაორმაგდა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2018 წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მუშაობდა ე.წ. მიზნობრივი მეთოდით, ანუ ეხმარებოდა მხოლოდ იმას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სერვისების გაზრდამ მეტი შესაძლებლობა მისცა შედარებით ღარიბ მოსახლეობას. ჯანდაცვის სერვისების მოხმარებისა და დანახარჯების კვლევის (HUES) შედეგების მიხედვით, გაიზარდა სერვისების მოხმარება, განსაკუთრებით სოფლად და ღარიბ შინამეურნეობებში. სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის მზარდი ტენდენცია შეინიშნება, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლამ ბევრ ადამიანს მისცა ამის შესაძლებლობა.

ჰოსპიტალურ სერვისებზე ჯიბიდან გადახდების შემცირება, განსაკუთრებით უღარიბეს ნაწილში, ალბათ ჩვენი ყველაზე მაღალი პრიორიტეტია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მუშაობდა ე.წ. მიზნობრივი მეთოდით, ანუ ეხმარებოდა მხოლოდ იმას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა, მათ შორის იყო სოციალურად დაუცველების კატეგორიაც, რომელზეც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლამ ამ კატეგორიასაც კი გაუზარდა ხელმისაწვდომობა. ჩვენი ამოცანა არ არის პოზიტივის დომინანტად გამოტანა, არამედ მიზანია, დავინახოთ ობიექტური რეალობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.