დავით სერგეენკო - საქართველოში მოსახლეობის 80 პროცენტი თამბაქოს მოხმარების აკრძალვას მხარს უჭერს
დღეიდან ძალაში შევიდა უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც თავისი შინაარსით აღარ არის მხოლოდ მექანიკური აკრძალვა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას ისევე, როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ძალიან რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს.
„წინასწარი კვლევებით და გათვლებით, ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ, ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები. საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს მოწევის გამო დახურულ სივრცეში წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს. თუმცა, თავისთავად კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში მოგვარდება ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა და საქართველოში მოსახლეობის 80% თამბაქოს მოხმარების აკრძალვას მხარს უჭერს“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებელი პირები დაწესებულებებში კანონის დარღვევას დააფიქსირებენ, დამრღვევს ზრდილობიანად და ტაქტიანად უნდა მოუწოდონ კანონის დაცვისკენ.
მისი თქმით, არსებობს გზა, რომლითაც კანონდამრღვევები შესაბამის პასუხს აგებენ.
საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა. კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე. ერთ-ერთი გამონაკლისია, აეროპორტის სატრანზიტო ზონა, სადაც თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც აქვს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ ხვდება და რომელშიც არ ხდება საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება.