დავით სერგეენკო - სამინისტროების შერწყმის შედეგად მინისტრების, მოადგილეებისა და ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება
სამინისტროების შერწყმის შედეგად, რა თქმა უნდა, ხარჯები შემცირდება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, შემცირდება მინისტრებისა და მათი მოადგილეების, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯები. როგორც სერგეენკომ განაცხადა, სამინისტროებში ადმინისტრაციული მართვის ინსტრუმენტები გაერთიანდება.
„შემცირებებთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამინისტროების მინისტრებს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ დეტალურად ჩამოაყალიბონ სტრუქტურები და გააკეთონ გათვლები“, – განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება კითხვას, იგეგემება თუ არა კადრების ოპტიმიზაცია ჯანდაცვის სამინისტროში, სერგეენკომ უპასუხა, რომ თანამშრომლების შემცირება არასდროს ყოფილა მისი თვითმიზანი.
„აგერ უკვე მეექვსე წელია, რაც ჯანდაცვის მინისტრად ვმსახურობ და არასდროს ყოფილა თვითმიზანი თანამშრომლების შემცირება. მათი ნაწილი მიდიოდა, ნაწილი ახალი თანამშრომლებისა მოდიოდა. მართალია, ჯამური რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ეს არ არის შემცირების პოლიტიკის ბრალი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ ასრულებს თავის მოვალეობას. რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.