დავით სერგეენკო - საჭიროების შემთხვევაში, საოჯახო ცენტრები 24/7-ზე რეჟიმით იმუშავებენ და ტრანსპორტითაც დავეხმარებით
საქართველოში გრიპით ავადობის შემთხვევებთან დაკავშირებით ახალი მონაცემები, 31 დეკემბერს, ორშაბათს იქნება ცნობილი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რაოდენობრივად სიხშირე იგივეა, რაც ორი წლის წინ იყო, თუმცა მეტია, ვიდრე გასულ წელს.
„წელს დომინირებს ერთი კონკრეტული გამომწვევი – H1N1, რომელსაც ახასიათებს შედარებით მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე სხვა გამომწვევებს. 100 000-ს მოსახლეზე ავადობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით კვირაში ერთხელ იზომება, ანუ ორშაბათს გვექნება ახალი მონაცემები. მიმდინარე კვირის ორშაბათის იყო 221, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ 221 იქნება, 400 თუ 100, საკუთრივ დაავადების მიმდინარეობაში არაფერს ცვლის“, -განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, ავადობა საყურადღებოა და მნიშვნელოვანია თავის მოვლა.
„ყველაზე მთავარი გზავნილი ალბათ ისაა, არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად, თუ მაჩვენებელმა ზღვარს გადააჭარბა და საგანგებო მზადყოფნა გახდა საჭირო. დია, ამისთვის სისტემა მზად არის და ამ სამი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ყოველ წელს იტესტება, თუმცა დღეს ეს ვითარება არ გვაქვს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება კითხვას, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე არის თუ არა კლინიკებში ადგილი, მინისტრი აცხადებს, რომ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციის ადგილებზე შეფერხება არ არის.
„რაც შეეხება ამბულატორიებს, როდესაც ოჯახის ექიმს კონსულტაციისთვის ცენტრებში აკითხავენ, ასეთ შემთხვევაში, ლოდინის პერიოდი შეიძლება, გაზრდილი იყოს, მაგრამ არა ადგილების უკმარისობის, არამედ გაზრდილი მიმართვიანობის გამო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, მიმართვიანობა გაორმაგებულია.
„დღეში ორჯერ ვაფასებთ მიმართვიანობასა და სასწრაფოს გამოძახებებს. დღეს საღამოსაც შევაფასებთ. თუ გაჩნდა შესაბამისი ჩვენება, უკვე გადავალთ პროტოკოლზე, რომლითაც საოჯახო ცენტრები გადადიან 24/7-ზე რეჟიმით და გამოძახებებზე გასასვლელადაც ვეხმარებით ტრანსპორტით“, – განაცხადა სერგეენკომ.