დავით სერგეენკო - რამდენიმე დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არავითარ შემთხვევაში არ დავარქმევდი დაშლის პროცესს
მთავარი არ არის, ვინ რა ემოციურ გადაწყვეტილებას მიიღებს, არამედ მთავარია, პარლამენტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის წინსვლისკენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„ამ პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დავარქმევდი დაშლის პროცესს. ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საქართველო გახდა საპარლამენტო რესპუბლიკა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პარლამენტი. ეს არის ადგილი, სადაც ხდება განსხვავებული მოსაზრებების შეჯერება და ასე მიიღება გადაწყვეტილებები. რიგ შემთხვევებში, ამ მოსაზრებების შეჯერება ვერ ხერხდება და პარლამენტის წევრები რჩებიან თავიანთ აზრზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, დეპუტატების ნაწილი ემოციურ ფონზე იღებს გადაწყვეტილებას, მაგალითად, თუ რომელიმე კანონპროექტი არ გავიდა, ტოვებს უმრავლესობას. დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ეს არის ემოციური ნაწილი და მთავარია, პარლამენტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნის წინსვლისკენ იქნება მიმართული.
„ჩემი აზრით, მთავარია არა ის, თუ ვინ რა ემოციურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგალითად, თუ ეს კანონპროექტი არ გავიდა, მე დავტოვებ უმრავლესობას. ვფიქრობ, რომ ეს სუფთა ემოციური ნაწილია. მთავარია, რომ პარლამენტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის წინსვლისკენ. ეს არის პრინციპული საკითხი და ნამდვილად მჯერა, რომ ეს ასეც იქნება.
გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობის გაზრდამ პარლამენტში მიიყვანა მდგომაროება იქამდე, რომ ხანდახან ემოციები ჭარბობს პრაგმატულობას და ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ამით არის გამოწვეული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს ასევე მირიან წიკლაური.