დავით სერგეენკო - ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები, რა კონსტიტუციური წყობაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა
ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად, მღელვარების გარეშე და გამჭვირვალედ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა.
დავით სერგეენკოს თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები, რა კონსტიტუციური წყობაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა.
„ასევე იყო გუშინდელი არჩევნების დროსაც. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში და ყველა შეფასებით ასე ჩანს, არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში. თუ იყო ცალკეული დარღვევები, შესაბამისი პროტოკოლით მოხდება ამის შესწავლა და რეაგირება. ჩემთვის ყველაზე უფრო მთავარია, რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად, მღელვარების გარეშე და გამჭვირვალედ. მინდა, სალომე ზურაბიშვილს ეს გამარჯვება მივულოცო, თუმცა საბოლოო შედეგები ალბათ, ფორმალურად, დღის განმავლობაში იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99.7 პროცენტი. აღნიშნული მონაცემებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში 59.56 პროცენტით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.