დავით სერგეენკო - ნამდვილად მჯერა ჩემი კოლეგების, ექიმების, ექთნების, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ პაციენტების მოსავლელად და გადასარჩენად
ნამდვილად მჯერა ჩემი კოლეგების, ექიმების, ექთნების, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ პაციენტების მოსავლელად და გადასარჩენად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ განაცადა.
მისი შეფასებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში რთულია.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება საუკეთესო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.
„სამწუხაროდ, კოვიდეპიდემია პანდემიის სახის არის. ქვეყნების უმრავლესობაში მიდის მზარდი, ესკალაციით შემთხვევები. ქვეყნები ღებულობენ გადაწყვეტილებებს, ახლაც, ამ დღეებში, ბოლო დღეებში და მომავალშიც მიიღებენ კონკრეტული ეპიდვითარების შესაბამისად. პანდემია გამოწვევა არის ყველა ქვეყნის არამარტო ჯანდაცვის სისტემისთვის,არამედ ნებისმიერი სფეროსთვის: ეკონომიკისთვის, კულტურისთვის, ტურიზმისთვის და ა.შ.
რაც შეეხება ჩვენს ვითარებას, ახლა ჩვენ უკეთ ვართ მომზადებულები ვიდრე გაზაფხულზე, თუმცა, რა თქმა უნდა, სიტუაცია ძალიან რთულია. შემთხვევები მზარდია და ნამდვილად მჯერა ჩემი კოლეგების, ექიმების, ექთნების, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ პაციენტების მოსავლელად და გადასარჩენად.
ვითარების შეფასება ხდება არამარტო ყოველდღიურად, არამედ ყოველსაათობრივად და მუშაობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. არის რამდენიმე გზა, რამდენიმე ნაბიჯი: სრული, მკაცრი ლოკდაუნი, მიზნობრივი ლოკდაუნი, რომელიც მობილობას ამცირებს და ასევე მუშაობა მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან.
მე ვფიქრობ, რომ საკოორდინაციო საბჭო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება საუკეთესო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.