დავით სერგეენკო - გრიპი სერიოზული დაავადებაა, რომელსაც სჭირდება ყურადღება და მკურნალობა
ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან 845-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა და მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ავადობა მცირდება, თუმცა სადაც უკვე განვითარდა გრიპი, მისი მკურნალობა მძიმედ მიმდინარეობს.
„ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან 845-მდე გაიზარდა და გუშინდელი მდგომარეობით, რეანიმაციულ განყოფილებაში თუ 39 პაციენტი იყო, დღეს 44 პაციენტი არის, რაც ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია და მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღევანდელი მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების 13 შემთხვევაა. გარდაცვალების მიზეზებს შორის ასევე იყო თანმდევი დაავადებები, გარდაუვალი გართულებების პროცენტი და მკურნალობის დაგვიანებული დაწყება.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება 200-ით შემცირდა. მიმართვიანობა გაზრდილია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. თუ მიმართვიანობა იყო 420, დღეს არის 602. ეს ირიბად რომ ვთქვათ, კარგია, რადგან პაციენტები დროულად მიმართავენ ექიმს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ანტივირუსულ მედიკამენტებზე დეფიციტი არ არსებობს.
„ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებს აქვს ფუნქცია, რომ თუ სადმე პრეპარატის დეფიციტია, ჩვენი მარაგით ვახდენთ შევსებას. ამ გზით უკვე 800 კოლოფი გვაქვს მიწოდებული პაციენტებისათვის. პირბადეების დეფიციტი იყო რამდენიმე აფთიაქში და ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში სეზონური გრიპის ავადობა ყოველ წელს ხდება.
„ეს ყველგან გარდაუვალია და ამის აღმოფხვრა ვერავინ შეძლო. 2009 წელს, როდესაც ავადობის პიკი იყო 100 ათასს მოსახლეზე, დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს 256, 2009 წელს ეს იყო 1 550, 2010 წელს თითქმის 2 000; 2011-2012 წლებში იყო 490; 2012-2013 წლებში – 384; 2013-2014 წლებში იყო 480; 2015-2016 წლებში 257; 2016-2017 წლებში – 400; 2017-2018 წელს – 196 და დღეს გვაქვს 256. ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ რაც ახლა ხდება, არ არის უნიკალური, რაც აქამდე არ მომხდარა, თუმცა თითოეული ადამიანის გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა“, – განაცხადა მინისტრმა.