დავით სერგეენკო - ჩემს კოლეგებს თვალებში გამართულად შევხედავ, რომ 2014 წლიდან 127 პროცენტით შევძელით მათი ხელფასების გაზრდა
რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლებამ, ხელფასების გაზრდამ, ახალი სადგურების აშენებამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურების დაგვიანების შემთხვევების შემცირების შესაძლებლობა მოგვცა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრი რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს ანაზღაურების გაზრდის საკითხს გამოეხმაურა, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
„რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები კუნძებზე შემდგარი იყო და ექიმებს კი, მწირი ხელფასები ჰქონდათ. გულწრფელად მიხარია და ჩემს კოლეგებს თვალებში გამართულად შევხედავ, რომ 2014 წლიდან დღემდე 127 პროცენტით შევძელით მათი ხელფასების გაზრდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების 232 ახალი მანქანაა. გამართული ავტოპარკი, გაზრდილი ხელფასები, 17 რაიონში აშენდა სადგურები და 41-ში ახლა მიმდინარეობს მშენებლობა. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, დაგვიანებების რიცხვი შემცირებულიყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს რეგიონებში რაიონებში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს ხელფასი 20-30 პროცენტით გაეზრდებათ. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.