დავით სერგეენკო - ავარიის შედეგად დაშავებულების სამედიცინო ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
ავარიის შედეგად დაშავებულების სამედიცნო ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, კლინიკას სულ 23-მა პაციენტმა მიმართა.მათგან 20 აგრძელებს მკურნალობას. სამი პაციენტი გადაყვანილია თბილისში.არცერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.
„ეს გადაწყვეტილება ახლობლებმა მიიღეს, საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არ იყო. ამ კლინიკას ყველა რესურსი აქვს, რომ პაციენტების მდგომარეობაზე იზრუნოს. კრიტიკული მდგომარეობა არცერთს არ აქვს. რეანიმაციაში იმყოფება ოთხი, თუმცა ისინი იქ არიან მეთვალყურეობისთვის, რადგან ასეთ შემთხვევებს საკმად რთული მონიტორინგი სჭირდება. საუბედუროდ, ავარიის დროს ოთხი გარდაიცვალა. ვინც ახლა აქ კლინიკაშია, მათი მდგომარეობა გადაუდებელ დახმარებას მიეკუთვნება და ბუნებრივია, საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს”,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გომბორზე, ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. გამოძიების პირველადი ვერსიით, უღელტეხილზე მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.