დავით სერგეენკო - არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მართვა დაკარგა 
დავით სერგეენკო - არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მართვა დაკარგა 

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ შარშან მკაფიო და ცალსახა განმარტებები გააკეთა, მომავალში დატოვებას თუ არა პოლიტიკას, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუს შესახებ.

ჟურნალისტებმა სერგეენკოს შემდეგი კითხვა დაუსვეს: „სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ როდესაც ივანიშვილი პარტიიდან წავიდა, პარტიამ დაკარგა მართვა, ის ამბობს, რომ 2020 წელს სავარაუდოდ, ბიძინა დატოვებს პოლიტიკას. გაქვთ თუ არა ინფორმაცია ამის შესახებ“.

სერგეენკოს თქმით, ის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი არ არის და ნაკლებად ერევა პოლიტიკურ მოვლენებში.

„მართალია, მთავრობის წევრი ვარ, მაგრამ პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ და ნაკლებად ვერევი პოლიტიკურ მოვლენებში. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შესახებ, მან შარშან, მაისში ძალიან მკაფიო და ცალსახა განმარტებები გააკეთა, რამ განაპირობა ეს. რაც შეეხება იმას, მომავალში დატოვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, მედიის კითხვაზე, დაკარგა თუ არა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მართვა, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა: „მე ასე არ ვფიქრობ“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ, რომელიც ივანიშვილმა დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან რჩევის საკითხავად მასთან მიდიოდნენ. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ვარაუდობ, რომ ეს მისი პოლიტიკაში დაბრუნების უკანასკნელი შემთხვევაა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის აშკარა დისტანცირებას მოახდენს“.