დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მენაბდის ადვოკატი დავით დადიანი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორთან იმყოფება.
დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდის წინასწარი პოზიცია ამ დროისთვის უცნობია.
ადვოკატის თქმით, მან არ იცის, რა მტკიცებულებები და ვისი ჩვენებები არსებობს საქმეში მენაბდის წინააღმდეგ.
„ახალი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც მან გამოძიებას მისცა მოწმედ დაკითხვის დროს, არ გააჩნია. მტკიცებულებებს უნდა გავეცნოთ, რასაც გამოძიება წარმოადგენს და იქიდან გამომდინარე უნდა გავცეთ კითხვებს პასუხები”, – განაცხადა დადიანმა.
კითხვაზე, გამოძიებასთან ხომ არ ითანამშრომლებს გიორგი მენაბდის წინააღმდეგ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია და მიხეილ კალანდია, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს მისთვის უცნობია და „წარმოდგენა არ აქვს დაკავება ვის ჩვენებას უკავშირდება“.
„არ ვიცი. სავარაუდოდ, იმათ ჩვენებას უკავშირდება, ვინც იქ იყო, ვინც არ იყო, იმის ჩვენებას როგორ დაუკავშირდება. ვარაუდით არაფერი არ მინდა ვთქვა, სავარაუდო ყველაფერია. რეალური ის იქნება, რაც საგამოძიებო მასალებში იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებს დადიანი.
შეკითხვაზე, რატომ დააკავეს მენაბდე მკვლელობიდან სამ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, ადვოკატი პასუხია, რომ „ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლება, დააკაონ, თუ დამნაშავეა“.
ამასთან, დავით დადიანის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს გიორგი მენაბდემ, რომელიც თავადაც დაიჭრა, მისი დაჭრის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას არ მიაწოდა და არც სამედიცინო დახმარებას არ მიმართა.
ადვოკატის თქმით, 2017 წლის პირველ დეკემბერს, გიორგი მენაბდემ მსუბუქი დაზიანება მიიღო ხერხემლის არეში, თუმცა ვინაიდან დაზიანება ზურგიდან იყო მიყენებული, არ იცის, ვინ მიაყენა დაზიანება, ხოლო ჭრილობა სიმსუბუქიდან გამომდინარე, კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული