დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდის სასამართლო სხდომა იმართება.
დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე უნდა დაკითხოს. სამივე მათგანი 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან. დაცვის მხარე განმარტავს, რომ მოწმეებს გიორგი მენაბდის მიმართ მამხილებელი ჩვენება არ მიუციათ, თუმცა პროკურატურის პოზიცია არის, რომ საქმე ხელახლა უნდა განიხილონ და სრული სურათის აღდგენისთვის თითოეული მოწმის მოსმენა მნიშვნელოვანია.
გიორგი მენაბდე საქმეზე ყველაზე ბოლოს, ექვსი თვის წინ დააკავეს. მას დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, თუმცა ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.