დავით საგანელიძე - მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, იმედია, კონსორციუმი ვალდებულებებს შეასრულებს
მთავრობა მაქსიმალურს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გრანდიოზული პროექტი განხორციელდეს, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ თავის ვალდებულებებს შეასრულებს.
„დღესაც მქონდა კონსორციუმის წარმომადგენლებთან საუბარი, რომ ეს დრო მათთვის საკმარისი იქნება თავისი ვალდებულებების შესასრულებლად და ამავე დროს, მთავრობა მაქსიმალურს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ეს გრანდიოზული პროექტი განხორციელდეს. იმედი მაქვს, ეს კონსორციუმი ამ ვალდებულებებს შეასრულებს. ანაკლიის პორტი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
ამასთან, მისი თქმით, „საპარტნიორო ფონდს“ სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი ამ საკითხში.
„არამხოლოდ ის, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ ხელშეკრულებით 100 მლნ დოლარი უნდა გასცეს, არამედ ჩვენ დაახლოებით, 60 მილიონი გვაქვს უკვე დახარჯული ტერიტორიების გამოსყიდვაზე, რომელიც ამ პორტს სჭირდება. ანაკლიაში იყო მოსახლეობა, იქ იყო სხვადასხვა კომპანია და ჩვენ გამოვისყიდეთ ტერიტორიები“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა.
ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 16 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აძლევს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.