დავით რაქვიაშვილი - ანგელა მერკელმა ოკუპაციაზე სავსებით ცხადად ისაუბრა, როგორც პრობლემაზე, ისე ტერმინოლოგიურად
ანგელა მერკელმა ოკუპაციაზე სავსებით ცხადად ისაუბრა, როგორც პრობლემაზე, ისე ტერმინოლოგიურად, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის ნაწილია. ის ამის დასადასტურებლად ხვალ ოკუპაციის ხაზზე გაემგზავრება, როგორც თავად აღნიშნა. საუბარში ასევე ნათლად იყო დაფიქსირებული ის პოზიცია, რომ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე, მიუღებელია ის, რაც 10 წლის წინ მოხდა და რომ გერმანია ამას არასდროს შეეგუება.
კანცლერმა სავსებით ცალსახად ისაუბრა იმაზე, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა უპირველესად, ეს ჰუმანიტარული დამოკიდებულება ოკუპაციის ხაზზე, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ხდება, შეჩერდეს და ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველა ღონეს იხმარენ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა შეწყდეს“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
ამასთან, დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით მაღალი რანგის სტუმრების საქართველოში ვიზიტისას, საოკუპაციო ხაზზე გიორგი მარგველაშვილი მათ ახლდა. „ევროკავშირის მისია ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ინსტიტუციურადაც ისინი ყოველთვის არიან ჩართულნი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ დასმულ კითხვას ანგელა მერკელმა უპასუხა: „ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის“.