საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
დავით ნარმანიამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისთვის 2022 წელს სემეკ-ის მიერ შემუშავებული რეგულაციების შედეგებზე ისაუბრა.
„2022 წელი მნიშვნელოვანი იყო მარეგულირებელი კომისიისთვის. ენერგეტიკულ ბაზრებზე რეფორმირების პროცესში სემეკ-მა შეიმუშავა არაერთი ნორმატიული აქტი, აქტიურად ვმუშაობდით მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც რეგულირებად სექტორებში მოქმედი კომპანიებისათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს. ეფექტიანი იყო კომისიის საქმიანობა კომუნალური სერვისების გამარტივებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. გასული წლის განმავლობაში სემეკ-მა მოქალაქეებს ჩამოაწერა უსაფუძვლოდ დარიცხული და ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში ჩამოწერილია მილიონ ლარზე მეტი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების, მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის მიზნით, სემეკი ღიაა ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის.
„სემეკ-ის ამოცანაა, დაიცვას ბალანსი კომუნალურ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს სემეკ-ის ფუნქციების შესახებ, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ, მომართონ სემეკ-ს, თუ კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრზეც ისაუბრა.
„სემეკ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით, გასულ წელს ჩამოვაყალიბეთ სემეკ-თან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფის გადამზადებას რეგულირებად სექტორებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან თემაზე. დღემდე ცენტრს უკვე 1 000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, რაც მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ მსმენელებს შევთავაზოთ ახალი სასწავლო კურსები“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებაზე სემეკ-ის თავმჯდომარემ ისაუბრა 2023 წლის გეგმებზე და განაცხადა, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მარეგულირებელი კომისიის როლი ინოვაციური მიდგომების განვითარებაში მდგომარეობს.
მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, სემეკი აქტიურადაა ჩართული მწვანე წყალბადის განვითარებასა და განახლებადი ენერგიების ეფექტიანი ათვისების საკითხებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გაავრცელა.