დავით ნარმანია - კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს აღრიცხვა-ანგარიშგება და მოწესრიგდეს ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძები
კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს აღრიცხვა-ანგარიშგება და უნდა მოწესრიგდეს ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძები, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
„კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება, მარეგულირებელი კომისიის პოზიციაა, რომ ერთი მხრივ, კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს აღრიცხვა-ანგარიშგება. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე ტიპის რეკომენდაცია და ეს რეკომენდაცია როგორც „ენერგო-პროსთვის“, ასევე ცალკეული უწყებებისთვისაც არის. ამდენად, პირველ რიგში, ერთობლივი კონტროლი უნდა გაძლიერდეს, უნდა მოწესრიგდეს აღრიცხვის კვანძები, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ „ენერგო-პროს“ საზრუნავი და სატკივარი. დარწმუნებული ვარ, „ენერგო-პრო“, კომისია, სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებები ამას მოაგვარებენ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ გამოავლინა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას“.