დავით ნარმანია - ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფების ზრდას არ ველოდებით, ტარიფებთან დაკავშირებით ვართ მშვიდად
დავით ნარმანია - ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფების ზრდას არ ველოდებით, ტარიფებთან დაკავშირებით ვართ მშვიდად

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ტარიფებზე, არ გაუარესებულა.

„ამის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ტარიფებზე, არ გაუარესებულა, მათ შორის არც სავალუტო კურსი, არც ისეთი ფაქტორები, რაც გვიბიძგებს, დავიწყოთ მუშაობა ტარიფების ზრდაზე. ელექტროენერგიის ტარიფი დამოკიდებულია იმპორტის მოცულობაზე, ვალუტის კურსზე, რადგან ჩვენს სამომხმარებლო კალათაში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს იმპორტის მაჩვენებელს, ასევე სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებზეა დამოკიდებული. გაზის ტარიფი პირდაპირ კურსზეა დამოკიდებული, თუმცა, როცა ჩვენ დავადგინეთ, მაშინაც საკმაოდ მაღალი იყო ვალუტის კურსი ერთი მხრივ, მეორე მხრივ, გაზის მოხმარების მოცულობა გაზრდილია, შესაბამისად, ეს პირიქით მოქმედებს, ანუ ტარიფზე ზეწოლას ამსუბუქებს. წყალმომარაგების ტარიფები 2023 წლის ბოლომდე გვაქვს დადგენილი და ამას გეგმურად ისედაც არ უწევს გადახედვა, არც არაგეგმურ გადახედვაზე გვაქვს განაცხადი მიღებული. ამიტომ, ტარიფებთან დაკავშირებით ვართ მშვიდად“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, ნარმანიას განცხადებით, მაისსა და ივნისში საქართველოდან თურქეთში ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული წყალუხვი იყო, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ ადგილობრივი მოთხოვნა სრულად დაფარა, გამომუშავებული ჭარბი ენერგიის ექსპორტი კი თურქეთში განხორციელდა.

სემეკი-ს თავმჯდომარემ ასევე რუსეთიდან ელექტროენერგიის შეზღუდვის შემთხვევაში ალტერნატიულ გზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყანაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდება.

ამასთან, დავით ნარმანიამ „თელასის“ შესაძლო სანქცირების შემთხვევაც განიხილა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, „სემეკი“ კომპანიაში სპეციალურ მმართველს დანიშნავს, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს.