დავით მესხიშვილი - ჭკვიანი კამერები კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს ორგანიზებული
დავით მესხიშვილი - ჭკვიანი კამერები კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს ორგანიზებული

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ყველა შემთხვევაზე რეაგირება საპატრულო პოლიციამ უნდა მოახდინოს, რაც შეუძლებელია, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, რომელ ერთ დამრღვევს უნდა გაეკიდოს საპატრულო პოლიცია. თითო ადამიანს თითო ეკიპაჟს ხომ ვერ მივუჩენთ?! ვთვლი, რომ ჭკვიანი კამერების არსებობა კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს ორგანიზებული და საპატრულო პოლიციის ფიზიკური ძალები გათავისუფლებული, რადგან მათ ისედაც უამრავი სხვა ფუნქცია აქვთ“, – განაცხადა მესხიშვილმა.

მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ მუნიციპალიტეტებში, სადაც ბევრი გზაჯვარედინი, საგზაო ნიშანი და დატვირთული მოძრაობაა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ძირითადად, არასწორად ხდება.

„თუ საერთაშორისო სტანდარტს შევადარებთ, ქვეყანას საგზაო ნიშნების და მონიშვნების სტანდარტი არ გააჩნია, რაც სხვადასხვა ტიპის პრობლემას ქმნის. მაგალითად, მიდიხარ ცენტრალურ გამზირზე, მარჯვნივ შეუხვევ და გხვდება საგზაო ნიშანი, რომ მოძრაობა აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში სად უნდა წახვიდე?! წინ მიდიხარ არღვევ, უკან მიდიხარ, არღვევ“, – განაცხადა მესხიშვილმა.

როგორც დავით მესხიშვილმა აღნიშნა, ასეთ ვითარებაში მძღოლებს აჯარიმებენ, რაც უსამართლობაა.

„ყაზბეგის გამზირზე, ინფექციურთან, გზაჯვარედინზე ავტობუსის ხაზი გაკეთდა და შესასვლელში ავტობუსი ვერ ეტევა. ამავე დროს, მძღოლებისთვის აკრძალული მოძრაობაა და მძღოლები რომ შედიან, მერე ხვდებიან, რომ აკრძალულ ზონაში მოხვდნენ. ამ ვითარებაში მძღოლებს აჯარიმებენ და მათგან ძალიან ბევრ წერილს ვიღებთ, სადაც ისინი არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ“, – განაცხადა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქებში განსაკუთრებული პრობლემა არსებობს ზებრასთან დაკავშირებით.

„რამდენიმეჯერ მე თვითონაც დამემერთა და ზებრა გადასასვლელზე ავტომობილით ისე აღმოვჩნდი, რომ არც ვიცოდი, იქ რომ ვიყავი. ამ დროს, ქვეითი თვლის, რომ ის მისი გზაა, რაც ძალიან საშიშია. სჯობს, ასეთ შემთხვევაში ზებრა არ იყოს, რადგან საგზაო ნიშნებით მძღოლი ვერ ხვდება, რომ ზებრა გადასასვლელს უახლოვდება“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.