დავით მათიკაშვილი - სტატუსთან დაკავშირებით ხათუნა სამნიძემ აღიარა ის, რაზეც არაერთგზის ვსაუბრობდით და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ვამხელდით
ხათუნა სამნიძემ აღიარა ის, რაზეც არაერთგზის ვსაუბრობდით და რადიკალური, კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ვამხელდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში. ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.
დავით მათიკაშვილის თქმით, სამნიძის განცხადება ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადებაა.
„ხათუნა სამნიძემ, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ არსებობენ თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებიც მთელ თავიანთ საქმიანობას ანდომებენ იმას, რომ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, ხალხს უმტრონ. ისინი დადიან ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მეგობრებს აწვდიან ცრუ ინფორმაციას და საკუთარ სურვილებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სწორედ ეს არის მათი მიზანი და ამით სურთ, ვითარება გაამწვავონ, აადუღონ მდგომარეობა საზოგადოებაში, მათ თავზე მოახვიონ მცდარი განცდები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და შემდეგ ამით ისარგებლონ, მღვრიე, ბინძურ წყალში დაიჭირონ თევზი. ისინი ამას ვერ ეღირსებიან.
სამნიძის აღიარება არის სრულყოფილი აღიარება, თუმცა ეს არ არის პირველი. ახლახან ჩვენ მოვისმინეთ ცალკეული დეპუტატებისა და კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს მათ პოლიტიკურ, ბინძურ, დესტრუქციულ ინტერესებში არ შედის. ცხადია, ეს არის ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადება და პირდაპირი დასტური იმისა, რაზედაც ჩვენ, ხელისუფლება, არაერთგზის ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით საზოგადოებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ აქვს ინფორმაცია, რომელ ოპოზიციონერებს გულისხმობდა ხათუნა სამნიძე, მათიკაშვილმა აღნიშნა:
„ის საუბრობდა ოპოზიციაზე. ჩვენ არაერთგზის დაგვისახელებია ის ადამიანები, რომლებიც ამ ბინძური საქმით არიან დაკავებული როგორც უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე მასთან აფილირებულ სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში. ვაშაძეები და ძმანი მისნი – ეს კარგად იცის საზოგადოებამ. სამნიძემ, ფაქტობრივად, თქვა ის, რაზეც დიდი ხანია, საუბრობს ხელისუფლება მტკიცებულებებით გაჯერებული ტექსტებით, ასევე საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სრულიად საქართველო, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას დღეს კიდევ ჰყავს ყორღანაშვილები და ორჯონიკიძეები. ეს არის რეალობა, რომელზეც სამნიძემ ხაზგასმით ისაუბრა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.