დავით მათიკაშვილი - სასამართლო რეფორმის ყველა საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილ ჯგუფში განიხილება
მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმების მსგავსი ინიციატივა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტის ინიციატივა იყო უკვე წარმოდგენილი პარლამენტში, რომელიც არ შეესაბამებოდა მოქმედ კონსტიტუციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ეკა ბესელიას მიერ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტის დარეგისტრირებაზე საუბარისას განაცხადა.
საუბარია ინიციატივაზე, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმებას ეხება.
მათიკაშვილის თქმით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფის ფარგლებში ხდება.
„მსგავსი ინიციატივა იყო უკვე წარმოდგენილი პარლამენტში, რომელიც არ შეესაბამებოდა მოქმედ კონსტიტუციას. ჩვენ ვახორციელებთ მეოთხე ტალღის სასამართლო რეფორმას.
მოგეხსენებათ, შესაბამისი ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობს სასამართლო რეფორმის საკითხებზე. თუ არ ვცდები, ხვალ და ზეგაც იგეგმება ამ რეფორმის ჯგუფის ფარგლებში შეხვედრები.
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვა სწორედ ამ ჯგუფის ფარგლებში, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით ხდება. ერთიანად მოხდება ყველა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაც“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატმა ეკა ბესელიამ საინიციატივო ჯგუფის სახელით პარლამენტის კანცელარიაში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა. ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმებას ეხება.