ეკა ბესელიამ პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა
ეკა ბესელიამ პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა

დეპუტატმა ეკა ბესელიამ საინიციატივო ჯგუფის სახელით პარლამენტის კანცელარიაში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა. ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმებას ეხება.

საინიციატივო ჯგუფი კონსტიტუციაში მოსამართლეთა უვადოდ არჩევის ვადიანით შეცვლას ითხოვს. ეკა ბესელიას განცხადებით, ეს უნდა შეეხოს, როგორც უვადოდ უკვე არჩეულ მოსამართლეებს, ასევე მათ ვისი არჩევაც მომავალში მოხდება.

ვაინიცირებთ და ვიწყებთ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტს. მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს ვადიანი არჩევით, ამას სჭირდება კონსტიტუციაში ცვლილება და რადგან 76 დეპუტატი დღეს არ არის მზად ამ პროექტის ინიცირებისთვის, გვჭირდება ჩვენი მოქალაქეების 200 000 ხელმოწერა. იცით, რომ პარლამენტის უმრავლესობამ მორატორიუმის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, მაშინ თქვეს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.

დაველოდებით ოფიციალურ სარეგისტრაციო დოკუმენტებს და ოთხი თვის განმავლობაში შევაგროვებთ 200 ათას ხელმოწერას, რომლითაც უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და უკვე უვადოდ არჩეულ მოსამართლეებსაც უნდა შეეხოს. ეს არის მოთხოვნა, რომელიც ჩემი აზრით საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას ეხმიანება. ამ საინიციატივო ჯგუფში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე ხელს აწერენ მირიან წიკლაური და ნატო ჩხეიძე. ასევე საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილიც აწერს ხელს. სულ არის 10 ადამიანი. ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი მომხრეა, თუმცა 76 ხმა არ არის, რომ პროცესი პირდაპირ დაგვეწყო. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევაგროვებთ საჭირო ხელმოწერებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.